გოგი წულაიამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
გოგი წულაიამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

„თავისუფალი საქართვლოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, დღის წერიგში „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერიის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შეტანა მოითხოვა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარისგან უარი მიიღო, რის გამოც სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს საკითხი წერილობით გამოვგზავნეთ 10 დღის წინ და პასუხი არ გვღირსებია, არც დაურეკავთ და არც არაფერი. ახლა ცოცხლად დავუყენე ეს საკითხი და დაიწყო ზღაპრების მიყოლა, რომ ეს არ ეხებათ. ზღაპრების მოსმენას, მივალ და ოტია იოსელიანის ზღაპრებს მოვუსმენ, ამიტომ პროტესტის ნიშნად დავტოვე და ვთვლი, რომ არაფრის მაქნისი, მკვდრადშობილი კომისიაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

დღეს უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა იმართება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ღონისძიებას ესწრებიან კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1-ელ ივლისს შეიქმნა, რომლის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.