გოგი წულაიამ ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გამართა და გზის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება თავად დაიწყო
გოგი წულაიამ ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გამართა და გზის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება თავად დაიწყო

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე დღეს აქცია-პერფორმანსი გამართა და გზის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება თავად დაიწყო.

წულაიას თქმით, ქალაქის ისტორიულ ქუჩაზე გზის საფარი უკვე მეოთხე წელია, დაზიანებულია და მისი შეკეთება არ მოხერხდა.

„ასობით ტურისტი დადის ამ ქუჩაზე და ყველა მათგანი სველდება მანქანების მოძრაობის დროს, რადგან გზა დაზიანებულია და გუბეში წყალი დგას. ქუთაისის მერს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ დაზიანების შესახებ, რადგან ის მუდმივად სხვა ქვეყნებშია მივლინებით, თორემ განა არ გააკეთებდა? ასევე, დიდი მადლობა სუს-ს, რომ მისმენენ, რადგან როგორც კი დავაანონსე აქცია-პერფორმანსი, ასეთ წვიმაში მოვიდა მერიიდან ჯგუფი და დაიწყეს დაზიანების აღმოფხვრა“, – განაცხადა წულაიამ.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, გზის დაზიანების შესაკეთებლად გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩაიშალა და მხოლოდ დღეს მოხერხდა სამუშაოების დაწყება.

„ასე მარტივად არ ხდება ეს ყველაფერი და სამუშაოებს სჭირდება ერთი, ორი და ზოგჯერ სამი თვეც კი. მსგავს დაზიანებებს სხვა ქუჩებზეც ვაკეთებთ“, – განაცხადა ბექა ყურაშვილმა.