კინოს სახლში გაიმართა გოგი თორაძის ფილმის, „სნაიპერის“ პრეზენტაცია, რომელმაც ახლახან სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა.
ფილმი სახელოვანი ქართველი მსროლელის, სამივე ოლიმპიური მედლის მფლობელის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ცხოვრებაზე მოგვითხრობს და დაწვრილებითაა აღწერილი მისი როგორც სპორტული, ასევე ბიოგრაფიული ცხოვრების გამორჩეული მომენტები.
ამ ფილმის თავდაპირველი ვერსია მაყურებელმა ჯერ კიდევ 2018 წელს იხილა, თუმცა ახლანდელ ვერსიას დაემატა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადასთან დაკავშირებული ეპიზოდები.
ქართველი კინორეჟისორი სპორტული თემატიკის არაერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმის ავტორი („კომენტატორი“, „ქართული ფეხბურთის ტრიო“, „ჩვენი ფეხბურთი“, „ქართული კალათბურთი“, „ლაპარაკობს და აჩვენებს თბილისი“, „ტრიუმფი“) და სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატია.