გოგი ჩაკვეტაძე -  როდესაც ამბობ, ნულოვანი ტოლერანტობა რომ ვთქვი, მაშინ შეცდომა დავუშვი, ახლა გამოვსწორდიო, თვითონ იფიქრეთ, გამოსწორდა თუ არა
გოგი ჩაკვეტაძე -  როდესაც ამბობ, ნულოვანი ტოლერანტობა რომ ვთქვი, მაშინ შეცდომა დავუშვი, ახლა გამოვსწორდიო, თვითონ იფიქრეთ, გამოსწორდა თუ არა

არავის აწყობს საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სიწყნარე, ძალიან აწყობთ არეულობა, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგი ჩაკვეტაძემ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით თელავში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

„აქ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ყოფილი სამართალდამცველი ორგანოების აქტიური წევრები იყვნენ და ახსოვთ ზეწოლა, სამსახურებიდან გაშვება, მგონი სრული შემადგენლობიდან საერთოდ არავინ არ დარჩენილა სტრუქტურაში, ეს თითქმის 80 და 100 ათასი ადამიანია, რომელიც სამსახურიდან გაუშვეს.

მე არ ვლაპარაკობ სხვა სოციალურ სამსახურში დაკავებულ პირებზე, თავად ჩემს საკუთარ პერსონაზე და სხვებზე, ვინც იყო რეპრესირებული და გაგდებული. ერთი რამ მაწუხებს და ყოველთვის ვიძახი – რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. დღევანდელი ხელისუფლების ძალიან დიდი მიშვებაა ის, რომ ჩვენ დღეს განსაცდელის წინაშე ვდგავართ, განსაცდელია სერიოზული.

განა რამე მოხდება, რომ ვიღაც პრეზიდენტი მოვა, რომელიც ჩვენ არ გვსიამოვნებს, რომელიც დაიწყებს ვიღაცების გამართლებას, გამოშვებას. არა, საქმე ძალიან პრინციპულად დგას. არავის აწყობს საქართველოში მშვიდობა და სიწყნარე, მათ შორის არც რუსეთის ფედერაციას, არც ამერიკას. ძალიან აწყობთ არეულობა, არავის არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, კავკასიაში მთლიანად, არამარტო საქართველოში, ეს ნათელია“,- განაცხადა ჩაკვეტაძემ.

ამასთან, როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ოპოზიცია ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა გამოირჩეოდეს აგრესიული განცხადებებით.

„აქ არის ის მიზეზი, რომ როდესაც ადამიანი რაღაცას დააშავებს და მას არ მოსთხოვ ამ დანაშაულისთვის პასუხს ერთხელ, ორჯერ, იმას უკვე უჩნდება სინდრომი დაუსჯელობის, ის, რა თქმა უნდა, მეტზე წავა შტურმით. აი, ასეთი შტურმის წინაშე ვდგავართ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ვეებერთელა, ძალიან ავი ძალის წინაშე.

ძალიან ვწუხვარ, რომ ასე დადგა ეს საკითხი, ეს საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. ოპოზიცია ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს ოპოზიცია ასეთი აგრესიული, ასეთი განცხადებებით, მოვალ, ამას ვიზავ, ამას გავაგდებ. თან მატყუებ – ნულოვანი ტოლერანტობა რომ ვთქვი, მაშინ შეცდომა დავუშვიო, ახლა გამოვსწორდი, კარგი ვარო. თქვენ თვითონ იფიქრეთ, გამოსწორდა თუ არა“,- განაცხადა რეჟისორმა.