გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე დაკავებული დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს
გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე დაკავებული დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

მისივე თქმით, დაცვის მხარე გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

„როგორც იცით, გამოძიება დაიწყო იარაღის უკანონო ტარებისა და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, ორივე მუხლი შეიცვალა 114-ე მუხლით. ეს არის დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილება და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასამართლოში არსებითი განხილვის დროს დადგეს სრულიად გამამართლებელი განაჩენი. რა თქმა უნდა, ის თავს არ ცნობს დამნაშავედ. ამ ეტაპზე დააფიქსირა, რომ იყენებს დუმილის უფლებას. ცოტა დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენება მივცეთ გამოძიებას. ალტერნატივის სახით მექნება შუამდგომლობა გირაოს სახით, რომ გირაო იყოს მის მიმართ გამოყენებული და სასამართლოზე ვართ დამოკიდებული“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, კითხვაზე, „ბრალდებული როგორ განმარტავს, რამდენად აუცილებელი იყო ადამიანის ლიკვიდირება“, ადვოკატი აღნიშნავს, რომ აუცილებელი იყო მოგერიების ფარგლებში, რადგან საფრთხე მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც ემუქრებოდა.

„ბრალდება ამბობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მიიღეს გადაწყვეტილება აღნიშნული კვალიფიკაციის წარდგენის. რაც შეეხება ჩემს დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, გამოკითხვაზე  ერთი ერთში აქვს აღწერილი ყველა დეტალი და ნამდვილად არის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ყოველ წუთში იყო საფრთხე, არა მარტო იმ ადამიანის, ვისაც ესროლა და დაჭრა, არამედ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართაც. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განზრახვა იყო მხოლოდ განეიტრალება. პირველი, რაც თქვა, იყო – „სდექ, პოლიციაა“, ორჯერ დაუძახა. წამებში მიიღო გამაფრთხილებელი ზომები“, – აღნიშნა ადვოკატმა.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა 4 მაისს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაიჭრა.