გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან, შესაძლოა, არსებობდეს მოწმეებზე ზეწოლისა და მიმალვის საფრთხე, ამასთან დასადგენი იყო თავად მომხდარი ფაქტის დეტალებიც, თუ რა მოტივით დაესხა თავს გარდაცვლილი გიჩო მარგველაშვილს.

თავად დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პროკურორების ბრალდება სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან კახაბერ კამლაძეს რომ მიმალვა სურდეს, ის შემთხვევის დროსვე მიიმალებოდა, რისი შესაძლებლობაც მას ადგილზე ჰქონდა. ამიტომ დაცვის მხარე მოსამართლეს სთხოვდა, საერთოდ არ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიება ან მაქსიმალურ ფორმად 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდებინა.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა პროკურატურის არგუმენტები გაიზიარა და ბრალდებული კახაბერ კამლაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა 4 მაისს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაიჭრა.