გოგი წულაია - ბოლომდე ვიბრძოლებ, ნიკა მელიას გადარჩენით, გადავირჩენ ჩემ თავს, გადაგარჩენთ თქვენ, დავიცავთ ყველანაირი მეთოდით
გოგი წულაია - ბოლომდე ვიბრძოლებ, ნიკა მელიას გადარჩენით, გადავირჩენ ჩემ თავს, გადაგარჩენთ თქვენ, დავიცავთ ყველანაირი მეთოდით

მზად ვარ, დავიცვა ნიკა მელია, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი თავის გადარჩენაზეც, რადგან ნიკასთან თუ გაუვიდათ, მაშინ ყველასთან გაუვათ, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ განაცხადა.

წულაიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რთული სათქმელია, ნიკა მელიასთან დაკავშირებით როგორ განვითარდება პროცესები.

„ძნელი სათქმელია მოლოდინი, რადგან გვყავს ყოვლად გაუთვლელი ხელისუფლება, რა დეგენერატობას ჩაიდენს, მაგის გარკვევა მე კიარა, არ შეუძლია ნოსტრადამოს. რას უნდა ველოდოთ ამათგან, ხეირს არაფერს ველი. ის ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ხელისუფლების დასამარცხებლად, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს არ გაუვიდეთ არა მარტო იმიტომ, რომ გადარეული ვარ და ძალიან მიყვარს ნიკა მელია, არამედ მისი გადარჩენით გადავირჩენ ჩემ თავს, მისი გადარჩენით გადაგარჩენთ თქვენ, რადგან ერთს თუ შეახრამუნებს, გაუტკბება. დავიცავთ ყველანაირი მეთოდით, რა მეთოდითაც წამოვა – დუბინკით, ომონით, რა ვიცი. ახლა, მე რემბო ვარ, უუ-ს დავუძახებ და დავშლითქო ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლებით. მეც მზად ვარ, დავიცვა არა მარტო ნიკა მელია, დავიცვა ჩემი თავი, რადგან ჩვენ ახლა ვიცავთ ჩვენს თავს. თუ ნიკასთან გაუვიდათ, მაშინ გაუვათ ყველასთან. მარტო ნიკა მელიას გადარჩენაზე არ არის საუბარი, საუბარია ჩვენი თავის გადარჩენაზე“, – აღნიშნა გოგი წულაიამ.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.