გოგა ლაზრიშვილი - ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიხსნას გამოცდა
გოგა ლაზრიშვილი - ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიხსნას გამოცდა

ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიხსნას გამოცდა და გამოცდის მთლიანი უგულებელყოფა რატომ მოხდა, – ამის შესახებ პედაგოგმა, გოგა ლაზრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გამოცდა არის არა „ახსოვს თუ არა“, არამედ „შემიძლია, თუ არა“. თუ გამოცდის ფორმა არ მოგვწონს, იგივე ზოგადი უნარების, კი ნუ მოვხსნით, დავხვეწოთ და გამოცდა იყოს“, – განაცხადა გოგა ლაზრიშვილმა.

მისი თქმით, იმის აღიარება, რომ მოსწავლეებს გამოცდას არ ვაბარებინებთ, ფაქტობრივად, პირდაპირი კაპიტულაციაა.

„ეს პირდაპირი კაპიტულაციაა, რომ არაფერი გასწავლე, შენც არაფერი ისწავლე და ახლა, რა უნდა მოგთხოვო? აბა, წაიღე ეს ატესტატი და ერთმანეთს ტკბილად დავცილდეთ. რეალურად, აი, ეს არის“, – განაცხადა გოგა ლაზრიშვილმა.

როგორც პედაგოგმა აღნიშნა, აქამდე, განათლების სისტემა ისე მოვიდა, რომ ჯერჯერობით, რეპეტიტორს ვერ ავცდით და თუ ეროვნულ გამოცდებზე ისტორია და მათემატიკა ჩასაბარებელი იქნება, ისევ რეპეტიტორის ინსტიტუტს ვეჯახებით.

„ვინც შეძლებულია, მოინდომებს, შვილი ისტორიაში უფრო კარგად მოამზადოს. უნარებში ძირითადად, მათემატიკოსები ამზადებენ და ის მათემატიკაში გადაინაცვლებს. ასე რომ, რეპეტიტორის პრობლემას აქედან ვერ ვხსნით“, – განაცხადა გოგა ლაზრიშვილმა.

გოგა ლაზრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ გამორჩეულ რეპეტიტორებს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, განათლების ჩავარდნილ სისტემაში მოსწავლეები რომ ამოქაჩეს და რაღაც განათლება მისცეს.

„ეს არის გაღებული ძალიან დიდი ენერგია და ნურავინ იფიქრებს, რომ ერთი წელი, როცა რეპეტიტორი გამოცდისთვის ამზადებს, მარტივია“, – განაცხადა გოგა ლაზრიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს, პედაგოგმა აღნიშნა, რომ ეს იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ მასწავლებელი დაფასდება, პროგრამები, თუ გამოცდების ტესტები დაიხვეწება, კლასში ნაკლები ბავშვი იქნება და ბავშვი სკოლაში მივა.

„დაფასებისთვის შეიძლება, მასწავლებელს ჯილდო მისცე, ან სიგელი. ანაზღაურება სათანადო უნდა იყოს. დამატებით რეპეტიტორობა არავის უხარია და თუ მასწავლებელს იმ ხელფასს მისცემ, რასაც კერძო სკოლებში აძლევენ, რეპეტიტორობა აღარ მოუნდება“, – განაცხადა გოგა ლაზრიშვილმა.