გოგა ლაზრიშვილი - პარტიებმა უნდა იფიქრონ, რა არის სატკივარი, რის გამოც ახალგაზრდები არჩევნებზე არ მიდიან, რისი მოსმენა სურთ მათ და რა აწუხებთ
გოგა ლაზრიშვილი - პარტიებმა უნდა იფიქრონ, რა არის სატკივარი, რის გამოც ახალგაზრდები არჩევნებზე არ მიდიან, რისი მოსმენა სურთ მათ და რა აწუხებთ

ვფიქრობ, დღეს ქართველი ახალგაზრდის ადგილი თავისი ქვეყნისა და თავისი პირადი ცხოვრების სამჭედლოზეა, – ამის შესახებ გადაცემა „ცვანციკას ონლაინ გაკვეთილების“ წამყვანმა, პედაგოგმა გოგა ლაზრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ეს არის აუდიტორია, ლაბორატორია, კვლევითი ცენტრი, სპორტული მოედანი, საწარმო, სოფლის მეურნეობის რაღაც ადგილები და განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ისინი ჩათვლიან, რომ ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე, ეროვნულ პოზიციაზე მდგომი ხალხი დაუძახებს, აუცილებლად, იმ ადგილას ყოფნა, სადაც უნდა იყვნენ“, – განაცხადა ლაზრიშვილმა.

ამ განცხადებით გოგა ლაზრიშვილმა გადაცემის წამყვანის გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, უნდა იყვნენ თუ არა ახალგაზრდები პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართული, თუ უბრალოდ, უნდა წავიდნენ, თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ და დაელოდონ პროცესს, რომელიც მათ გარეშე მიმდინარეობს.

როგორც გოგა ლაზრიშვილმა აღნიშნა, დღეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, რადგან ბევრი პოლიტიკური ძალა ახალგაზრდებს ბრმა იარაღად იყენებს და ამაზე ბევრი ახალგაზრდა უკან არ იხევს.

„ახალგაზრდობა, რომელიც მოსახლეობის 36%-ია, მიიჩნევს, რომ მის ხმას აზრი არ აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა. პარტიებმა უნდა იფიქრონ, რა არის ის სატკივარი, რის გამოც ახალგაზრდები არჩევნებზე არ მიდიან, რისი მოსმენა სურთ მათ და რა აწუხებთ. იქნებ, რომელიმე პარტია მივიდეს მათთან და ახალგაზრდები მოხიბლოს, კარგი გაგებით“, – განაცხადა გოგა ლაზრიშვილმა.