გოგა ხატიაშვილი - არასწულწლოვანთან ქორწინება რიგ შემთხვევებში, დანაშაულს უკავშირდება ხოლმე
გოგა ხატიაშვილი - არასწულწლოვანთან ქორწინება რიგ შემთხვევებში, დანაშაულს უკავშირდება ხოლმე

არასწულწლოვანთან ქორწინება რიგ შემთხვევებში, დანაშაულს უკავშირდება ხოლმე, – ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ გვაქვს ცალკეული დანაშაულები, სადაც ბავშვთან ადრეულ ასაკში ქორწინების მოტივები იმალება ხოლმე. მაგალითად, ასეთია 140-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სრულწლოვანი პირის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, წინასწარი შეცნობით, სქესობრივი კავშირის დამყარებას. უმეტესად, ამ დანაშაულის უკან დგას ხოლმე ბავშვთან ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყების მოტივი. ასევე, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს ხოლმე გოგონების მოტაცებას, მასთან ქორწინების მიზნით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთაა და რიგ შემთხვევებში, ადგილი აქვს ხოლმე ქორწინების იძულებას“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, 2018 წელს, ამ დანაშაულების მიმართულებით, შსს-მ საერთო ჯამში, 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება და აქედან ყველაზე მეტი 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული იყო.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ასევე განაცხადა, რომ როგორც არსებული ტენდენციები და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, მთავარ გამოწვევას საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა წარმოადგენს. 

„ამგვარ დანაშაულებზე დაგვიანებით ხდება ხოლმე შსს-ში მომართვა. როდესაც შსს-სთვის შეტყობინება ხდება, შემთხვევიდან დაახლოებით, ათი თვეა ხოლმე გასული, ან უფრო მეტი, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოძიების პროცესს და მის ეფექტიანობას. 2018 წელს დაახლოებით, ოთხი პროცენტი გვქონდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ქმედების ჩადენიდან ერთი თვის ვადაში მოგვმართეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ასეთი დანაშაულების დროული გამოვლენა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ძალიან ბევრ უწყებას და საზოგადოებას ეკისრება და მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფაქტებზე სათანადო რეაგირება“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მოხდა ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ძალადობაში დადანაშაულებული პირის დაკავება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მაშინ, როცა არასრულწლოვანი გოგონა მას ორი წლის განმავლობაში ადანაშაულებდა ძალადობაში და რა გარემოებებმა განაპირობა ეფექტიანი გამოძიების გაჭიანურება, გოგა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ ფაქტზე ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ღონისძიება სხვადასხვა ლოკაციაზე და ეს პროცესი გარკვეულწილად, საზოგადოების დუმილმაც შეაფერხა.

„აქაც გამოიკვეთა ის პრობლემა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის, დაზარალებულის ოჯახის წევრებიც ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ და სამართალდამცველებს ამ ფაქტების ირგვლივ ინფორმაციას არ ეუბნებოდნენ, რამაც შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კიდევ უფრო მეტად შეაფერხა. ამ საქმემაც აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით, რეგიონებში, სოფლებში და ფაქტების დროულად გამოვლენა. აქ თავისი წილი პასუხისმგებლობა პოლიციასაც ეკისრება; განსაკუთრებით, უბნის ინსპექტორების დონეზე, რადგან უბნის ინსპექტორებმა იციან ლოკაციაზე არსებული მდგომარეობა და არსებული შემთხვევების გამოვლენას და შემდგომ რეაგირებას მათაც უნდა შეუწყონ ხელი“, – განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.