გოგა ხაინდრავასა და ეკა გიგაურის საქმის განხილვაზე ბადრი ბიწაძე დაიკითხება 
გოგა ხაინდრავასა და ეკა გიგაურის საქმის განხილვაზე ბადრი ბიწაძე დაიკითხება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავის განხილვა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება.

როგორც სხდომის დაწყებამდე გოგა ხაინდრავამ განაცხადა, ბადრი ბიწაძის დაკითხვა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

სასამართლო სხდომას კვლავ არ ესწრება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, გიგაურის სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობა არ დგას, რადგან მის ინტერესებს ადვოკატები დაიცავენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს.

მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში. ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა კი აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.

დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიც უნდა გამოკითხულიყო, თუმცა როგორც მოსამართლემ განაცხადა, ვანო მერაბიშვილმა სასამართლოში მოსვლაზე უარი განაცხადა.