გოგა ხაინდრავა - ზაზა შათირიშვილის არსებობა ქვეყნის სიმდიდრეა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში მისი ყოფნა ამ ბორდის სიმდიდრე იქნებოდა
გოგა ხაინდრავა - ზაზა შათირიშვილის არსებობა ქვეყნის სიმდიდრეა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში მისი ყოფნა ამ ბორდის სიმდიდრე იქნებოდა

ზაზა შათირიშვილის არსებობა ამ ქვეყნის სიმდიდრეა და მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ყოფნა ამ ბორდის სიმდიდრე იქნებოდა, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„როგორც წესი, სწორედ ასეთი ადამიანების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ ბოლშევიკები, კომკავშირლები და ახლა უკვე ნეოლშევიკები ილაშქრებენ. ზაზა შათირიშვილმა ამ კომკავშირლებს მასტერკლასი ჩაუტარა დაკითხვაზე, რომელიც მას მოუწყვეს. იმისთვის, რომ ზაზა შათირიშვილს კითხვა დაუსვა, მინიმუმ, მისი მეათედი განათლება და ერუდიცია მაინც უნდა გქონდეს, ხოლო მისი პასუხი რომ გაიგო, კიდევ უფრო მეტი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, დაკითხვა, რომელიც ზაზა შათირიშვილს მოუწყვეს, იმაზე მეტყველებდა, თუ რას ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები და ბორდში ვისი გაყვანა უნდათ.

ლომჯარიას, კაპიტან გიგაურს და არასამთავრობოების მთელ ამ კასტას დევდარიანის გაყვანა უნდოდათ, მთელ დანარჩენ ქართულ საზოგადოებას კი უნდა, ბორდში ზაზა შათირიშვილი იყოს. ამიტომ, მარტივია იმის განსაზღვრა, საკუთარ ქვეყანას ვინ რას უსურვებს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა, ეს მაგალითი იმდენად მკაფიო და ნათელია, რომ განმარტება არ სჭირდება.

„აქეთ დგას დევდარიანი და აქეთ შათირიშვილი მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც ახლა ეკრანიდან გვიყურებს და დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ქართველ ხალხსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს ვინ სჭირდება, თავისი თავისუფლების, წესიერების, სიმართლის, ცოდნისა და ინტელექტის ხარისხის გათვალისწინებით“, – განაცხადა ხაინდრავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნებში ჩართული ადამიანების ნაწილის მიერ ზაზა შათირიშვილის კანდიდატურის გაპროტესტება იმ მიზეზით, რომ ის ვასილ მაღლაფერიძის მეგობარია, რაც თავისთავად, საიდუმლო არავისთვის ყოფილა, რა იყო იმ ე.წ. ფოტოსკანდალის ანატომია, რომელიც გაავრცელეს, სკანდალურად მონათლეს და რამდენად მისაღებია მსგავსი მეთოდებით ბრძოლა, გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ზაზა შათირიშვილი მისი მეგობარიცაა და ეამაყება, რომ მისნაირი კაცის მეგობარია.

„ვთვლი, რომ ის ერთ–ერთი ყველაზე განათლებული, ერუდირებული, წესიერი, პატიოსანი და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფალი კაცია. თავისუფალი ადამიანი, რომელიც თავისი სინდისის, საზოგადოებრივი მორალის ფარგლებში მოქმედებს და ამის გამო ყველა წინაღობას გადალახავს, რადგან თავის მორალს ამ წინაღობებზე მაღლა აყენებს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.