გოგა ხაინდრავა - აქციებზე ყველაზე აღმაშფოთებლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც სელებრითებს ეძახიან
გოგა ხაინდრავა - აქციებზე ყველაზე აღმაშფოთებლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც სელებრითებს ეძახიან

ნარკოპოლიტიკის პროცესი თუ არ იქნება სწორად გაგებული და რეგულირებული, შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები დადგეს, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებმა უნდა გაარჩიონ, ვინ არის მაგათი გულშემატკივარი, შაბათ-კვირის მიტინგზე იდგა სამი კატეგორიის ხალხი.

„პირველი – ეს იყო დიდი უმრავლესობა იმ ადამიანების, რომლებიც იცავდნენ თავისუფლებას. თავისუფლება შედგება ორი სიტყვისგან, თავის უფლებისგან. ე.ი. შენი თავის უფლებაა გააკეთო ის, რაც გინდა. დიდი უმრავლესობა იყო ახალგაზრდების, ვინც იცავდა საკუთარი თავის უფლებას, მოიხმაროს საკუთარი ორგანიზმი და თავი ისე, როგორც უნდა – მივიდეს ღამის კლუბებში, მიიღოს კლუბური ნარკოტიკი, იგივე თრეაქი. ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა, რამდენად შესაბამისია კანონთან, რამდენად შესაბამისია ჯანმრთელობასთან, მომავალთან სხვა საქმეა, მაგრამ ამ ადამიანებს აქვთ უფლება, თვითონ გადაწყვიტონ თავისი ბედი, თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ არსებობს კანონი. შესაცვლელია ეს კანონი? მოთხოვნა კანონის შეცვლის, ეს დადგა დღის წესრიგში. მეორე ნაწილი, ძალიან მცირე და ყველაზე მყვირალა, იყო ის ხალხი, ვინც პირდაპირ არის გადაბმული ამ ბიზნესთან”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ყველაზე მეტს და ყველაზე ხმამაღლა ისინი ყვიროდნენ, ვისი ბიზნესიც პირდაპირ დაკავშირებულია კლუბურ ნარკოტიკთან.

„ყველაზე აღმაშფოთებელი არის მესამე კატეგორია ადამიანების, ე.წ. სელებრითები, გამოჩენილი, პოპულარული ადამიანები. მაგალითად, ეს არის ლაშა ბუღაძე, რომელიც იქ თავისუფლებას იცავდა. რის თავისუფლებას იცავდა, ვერ გავიგე, თავისი თავის უფლებას? რომ ის კლუბურ ნარკოტიკებს არ ღებულობს, ის არ ეწევა მარიხუანას, ის არ დადის ამ კლუბებში და ე.ი. გამოდის, რომ ის იქ იცავდა ჩვენი შვილების უფლებას, რომ მათ მიიღონ ნარკოტიკული საშუალებები. ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი. ახლა მიდის დიდი სჯა-ბაასი, აი, სამთავრობო გუნდი, ოცნების გუნდი რას ფიქრობს. მთავარია, საზოგადოება ამაზე, ქართული მშობლები რას ფიქრობენ, უფროსი ძმები, მეგობრები, ის ადამიანები, ვინც გაიარეს ეს ყველაფერი, რადგან ეს არ არის ახალი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ საქართველოში ნარკოტიკის შემოსვლა 70-იან წლებში დაიწყო.

„მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრია ნარკოტიკმა. უამრავი ნიჭიერი კაცი და ქალი წაიღო ნარკოტიკმა, წალეკა ნარკოტიკმა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ეს. ეს მეორე ახალი, რაღაც საფეხური ნარკოტიკთან ურთიერთობის, რომელიც ახლა გაჩნდა, არის იმის გაგრძელება. ის, რასაც ჩვენ მოვიმკით ამ წლების მანძილზე, როდესაც აბსოლუტურად უგუნური სახელმწიფო პოლიტიკა იყო ნარკოტიკის მიმართ და ეს იყო ძირითადი წყარო, რომლითაც გამყიდველები და კანონის დამცველები მდიდრდებოდნენ. დღეს მადლობა ღმერთს, ეს პოლემიკა გავიდა ყველა ინსტიტუტის გარეთ და საჯარო გახდა. ამ დროს მედიის როლი არის მნიშვნელოვანი და როგორც არასდროს საპასუხისმგებლო. მედია არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, რადგან ის, რომელსაც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვუსმინეთ სხვადასხვა ეთერში, მეტყველებს, რომ ადამიანები იმდენად დაბრმავებულები არიან საკუთარი პატივმოყვარეობით, რომ საკუთარი შვილების ბედიც აღარ აინტერესებთ”, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, რადგან კრიმინალიზაციამ არანაირი შედეგი არ გამოიღო.

„დასჯით ადამიანს ვერ გამოაჯანმრთელებ. ავადმყოფს სჭირდება მკურნალობა და არა რეპრესია. საქართველოში არ არსებობს არანაირი შესაძლებლობები ადამიანებისთვის, ვისაც უნდა თავის დანებება, რადგან მეტადონის პროგრამა გარკვეულწილად დანაშაულიც კი არის, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებაში. მეტადონი ზუსტად ისეთივე ნივთიერებაა, როგორც სხვა ნარკოტიკი. როდესაც ამ პროგრამაში რთავ 50-60 წლის ადამიანს, კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება ვერ დაანება თავი და ყოველდღე სთავაზობ, რომ მიიღოს ეს ულუფა, ეს გასაგებია, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭს ან გოგოს, რომ ამ პროგრამაში რთავ, შენ ე.ი. მას უსჯი სამუდამო პატიმრობას მეტადონში, რადგან ყოველ დღე, ყოველ დილით უნდა მივიდეს და მიიღოს ეს ულუფა”, – აღნიშნა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მარიხუანა საქართველოში ლეგალიზებულია.

„თავს ნუ მოვიტყუებთ, რეალურად ყველამ იცის, ბევრი ადამიანი ეწევა საქართველოში ამ ბალახს. კარგია ეს თუ ცუდი, სხვა საქმეა. ფაქტია, რომ ძალიან ფართე მოხმარების საგანია მარიხუანა. ის ლეგალიზებულია უკვე რეალურად, უბრალოდ დღეს ის არის სიბნელეში, უკანონობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ზუსტი ზღვარი რეალობასა და შესაძლებლობას შორის. გავითვალისწინოთ, რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები, ახალგაზრდობა და არა მარტო ისინი. საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ მისი მოხმარება არაფრით მეტად საზიანო არ არის, ვიდრე ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობა. რა თქმა უნდა, შედეგები აქვს უარყოფითი, როგორც ყველაფერს, რაც ზედმეტად მოიხმარება”, – განაცხადა ხაინდრავამ.