გოგა ხაინდრავა - ყველა ცდილობს, დაიცვას თავისი ქვეყანა, ერთადერთი საქართველოში ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, პროპაგანდისტული ტელეარხები, ჩართონ საქართველო კონფლიქტში
საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოს ემუქრება, არის ძალიან რეალური, ეს არის ბირთვული საფრთხე, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აგრესორი დაუფარავად აცხადებს, თუ საშიშროება შეექმნება მის ქვეყანას, არ მოერიდება ბირთვული იარაღის გამოყენებას, ისიც თქვა, რომ რუსეთი თუ არ იარსებებს, ვის რათ უნდა ეგეთი მსოფლიო.
„მსოფლიო ლიდერების განცხადებებიც მეტყველებს, რომ საფრთხე არის რეალური და ყველა ცდილობს, დაიცვას თავისი ქვეყანა, როგორმე აარიდოს ქვეყანას საშიშროება, რის წინაშეც დგას, ეს არის ბირთვული საშიშროება. ჩვენ მოწმენი ვართ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროპაგანდისტული ტელეარხები ცდილობენ, ყველანაირად ჩართონ საქართველო ამ კონფლიქტში. ყველა ფორმით ცდილობენ, საქართველოს გარშემო შექმნან ისეთი განწყობილება, თითქოს საქართველო მხარს უჭერს რუსეთს, არის უკრაინის წინააღმდეგ, არის პუტინის ერთგული.
მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: უკრაინაში დაიწყო თუ არა საომარი მოქმედება, ვინმე გონჩარენკომ, რომელიც არის რადას დეპუტატი, განაცხადა, რომ დრო მოვიდა, საქართველომ ხელში აიღოს იარაღი და იარაღით აღადგინოს სამართლიანობა, ტერიტორიული მთლიანობა და ოპოზიციურად განწყობილ არხებზე გონჩარენკო გახდა ვარსკვლავი. ყველა არხზე ტრიალებდა გონჩარენკო, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს, დაეწყო ომი. ყველას კარგად გვესმის, რა პასუხი იქნებოდა ამაზე ამ გამძვინვარებული რუსეთის მხრიდან.
ყოველდღე ვხედავთ, როგორ მიზანმიმართულად ხდება ომის პროპაგანდა, ყველაზე სავალალო რაც არის, ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში დაწყებული ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, აშშ, ვენა, ბრიუსელი, ყველგან მიდის დეზინფორმაცია, რომ საქართველო მხარს უჭერს პუტინს და საქართველო ებრძვის პუტინთან ერთად უკრაინას. ამას სათავეში უდგანან მიხეილ სააკაშვილი, ალასანია, ლაკა ხოშტარია, სამადაშვილი, გიგა ბოკერია, კანდელაკი, რომელიც თავის დროზე დადიოდა და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდა, რომ არ მიეცათ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის. ეს ასეა და ეს არ იმალება. ისივე, როგორც უკრაინაში აღმოჩნდა ვინმე უსამშობლო არახამია, რომელიც არც ქართველია, არც უკრაინელია და არის რუსეთში დაბადებული, გაზრდილი რუსულ ენაზე და რუსულ მენტალიტეტზე, ისე გონჩარენკო, ისე „კაგებეს“ მაიორი შვეცი, ისე კუბილიუსი და სხვები, რომელთა მიზანიც არის საქართველოს ჩარევა კონფლიქტში. მე მივმართავ ქართულ საზოგადოებას, აღარ არის გულგრილობის დრო. საქართველო არ არის მათი სამშობლო, ეს არის მხოლოდ ასპარეზი, ისევე როგორც არახამიასთვის არ არის უკრაინა სამშობლო და ეს არის ასპარეზი, რათა თავისი ვნებები დაიკმაყოფილონ.
საქართველოს მსოფლიოს ყველა ინსტიტუტში და პოლიტიკურ ასპარეზზე, იქ, სადაც წყდება პოლიტიკური ბედი ამა თუ იმ ქვეყნის, წარმოადგენს მთავრობა. საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან მოყოლებული სამჯერ აირჩია ამომრჩეველმა, ეს ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ამომრჩეველი მყარად უჭერს მხარს ამ პოლიტიკურ ძალას. შენ, როდესაც საქართველოს მთვარობას აცხადებ უკრაინის მტრად, პუტინის მეგობრად, იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი, ყველა ის ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, არის პუტინის ერთგული და უკრაინის მტერი“, – განაცხადა ხაინდრავამ.