გოგა ხაინდრავა - ვიდრე ქვეყანაში რევანშით შეპყრობილი სექტა არსებობს, რომელსაც ფართო მასებზე გავლენა აქვს, საზოგადოების გამთლიანება ვერ მოხდება
გოგა ხაინდრავა - ვიდრე ქვეყანაში რევანშით შეპყრობილი სექტა არსებობს, რომელსაც ფართო მასებზე გავლენა აქვს, საზოგადოების გამთლიანება ვერ მოხდება

ვიდრე ქვეყანაში რევანშით შეპყრობილი სექტა არსებობს, რომელიც პარლამენტშია და რომელსაც ფართო მასებზე გავლენა აქვს, საზოგადოების გამთლიანება ვერ მოხდება, – განაცხადა კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„ისევე, როგორც მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე 7 ნოემბრის იდეოლოგი ბოკერია დღეს, პარლამენტის წევრია და ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს. ვიდრე ხელისუფლების მანიით შეპყრობილი ეს ჯგუფი გარკვეულ პოლიტიკურ ინიციატივას ფლობს, საზოგადოების გამთლიანება ვერ მოხდება“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ამ განცხადებით გოგა ხაინდრავამ გადაცემის წამყვანის, გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვას უპასუხა, რამდენად შესაძლებელია საზოგადოების გამთლიანებაზე საუბარი იმ პირობებში, როცა საზოგადოების ორ პოლუსს შორის უზარმაზარი წინააღმდეგობა არსებობს და 7 ნოემბრიდან 11 წლის თავზე, ადამიანები, რომლებმაც 7 ნოემბერი მოაწყვეს, ისევ იძახიან, რომ ლეგიტიმური არიან, კენჭი იყარონ და ქვეყანა კვლავ მართონ.

ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, გაჭიანურდა თუ არა ინსტიტუციური რეფორმა და საზოგადოებასა და პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის ნდობის აღდგენის პროცესი, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ რეფორმების ბარომეტრი ხალხის განწყობაა.

„ყველაზე კარგი მახასიათებელია შედეგი, რაც არჩევნებით დავინახეთ, როცა საზოგადოებაში პოლიტიკურმა და სოციალურმა წნევამ იმ ზღვარს მიაღწია, რასაც მიაღწია. ეტყობა, რეალურად, რეფორმების ხარისხმა და მოცულობამ ქართული საზოგადოების მოლოდინი არ გაამართლა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის და შესაძლოა, ახალ ევროპაშიც კი, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ჩამორჩება და ადამიანები დღემდე სიდუხჭირეში იმყოფებიან.

„ეკონომიკური მდგომარეობა აბსოლუტურად არათანაბარია იმისა, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, რაც, რა თქმა უნდა, საფრთხეებს ქმნის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.