გოგა ხაინდრავა - ვგეგმავთ ფილმის გადაღებას, რომლითაც ინფორმაციას მივაწვდით აფხაზეთის ახალ თაობას, რომ მტერი, გენოციდის ჩამდენი არის რუსეთის იმპერია
გოგა ხაინდრავა - ვგეგმავთ ფილმის გადაღებას, რომლითაც ინფორმაციას მივაწვდით აფხაზეთის ახალ თაობას, რომ მტერი, გენოციდის ჩამდენი არის რუსეთის იმპერია

ჩვენ ვგეგმავთ ფილმის გადაღებას, რითაც შეგვიძლია, ინფორმაცია მივაწოდოთ აფხაზეთის ახალ თაობას, რომ მათი მტერი, მათი გენოციდის ჩამდენი არის რუსეთის იმპერია და ქართველებს არანაირი კავშირი მუხაჯირობასთან არ აქვს, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, დაახლოებით ერთი წლის წინ სტუდიაში დაიწყო მუშაობა მუხაჯირეზე ფილმის გადაღების საკითხზე.

„დღეს უმძიმეს ვითარებაა აფხაზეთში, აფხაზური ეთნოსი პრაქტიკულად გადაშენების პირასაა, რეალურად აფხაზეთში შეცვლილია დემოგრაფიული ვითარება, აფხაზი ერი არის უმცირესობაში, განდევნილია პრაქტიკულად ქართული მოსახლეობა და რუსეთის მხრიდან მიდის აფხაზეთის კოლონიზაცია. ამაზე მეტყველებს სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლების ხშირი განცხადებები უკანასკნელ დროს, რომ საჭიროა, ქართველებთან მოლაპარაკება და, მაგალითად, სერგეი შამბა, რომელიც არის ერთ-ერთი არქიტექტორი აფხაზური სეპარატიზმის, ომის დროს ე.წ. აფხაზური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იყო, ისიც კი მოუწოდებს დღეს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოს, რომ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები დაიწყოს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იქ არის სრული კატასტროფა და ეს ჩვენ კარგად ვიცით. იქ ისმის ეროვნული ავტონომიების შექმნის შესახებ მოწოდებები და ა.შ. ყველაფერი განაპირობა რუსულმა იმპერიალიზმმა, რომელიც ორი საუკუნეა მიმდინარეობს საქართველოში და კონკრეტულად აფხაზეთში. ყველაზე მძიმე, რაც ჩადენილი აქვს რუსულ იმპერიალიზმს ჩრდილოკავკასიაში და საქართველოში, ეს არის მუჰაჯირობა, ეს არის პროცესი, როდესაც ძალის გამოყენებით განდევნილი იყვნენ საკუთარი სახლებიდან და ქვეყნიდან აფხაზები, ქართველები, უბიხები, მთლიანად განადგურდნენ შაბსუგები, აბაზგები და რეალურად მთელი ტერიტორია, რომელსაც იპყრობდა რუსეთი, ამ პერიოდისთვის გახდა უკაცრიელი. ყველაზე დიდი მასშტაბის გასახლება ხდებოდა 1864 წელს, ეს არის მეცხრამეტე საუკუნის ბოლო. მერე მოხდა 1867 წელს და შემდეგ მოხდა 1877 წელს, როდესაც დახლოებით 50 ათასი ოჯახი გასახლებული იყო, ესენი იყვნენ აფხაზები, მეგრელები, გურულები, ის ადამიანები, ვინც იქ იმ დროს ცხოვრობდნენ. ეს არის ფაქტები, ამას მალავდა და მალავს რუსეთის იმპერია, ცდილობდა, დეზინფორმაციით, ისტორიის გაყალბებით, რეალობის შეცვლით აღეზარდა ახალი თაობები იმ რეგიონში და დაეპირისპირებინა ერთმანეთთან. ახლა ამ პროცესთან გვაქვს საქმე აფხაზეთში, მთლიანად გაყალბებულია ისტორია, მუჰაჯირობას აბრალებენ ქართველებს, ეს ისწავლება უკვე დაწყებით კლასებში და უმაღლეს სასწავლებლებში და ეს რუსული პროპაგანდა მძვინვარებს აფხაზეთში.

აფხაზეთში არის ახალი თაობა, რომელსაც არ ახსოვს ომი, ისინი დღეს 30 წლის არიან, დაიბადნენ ომის მერე, იმათ არ უნდათ ომი და ძალიან აინტერესებთ, სვამენ კითხვას, რომ ერთი ბაბუა და მეორე ბაბუა იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ სისხლისმღვრელ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. ამაზე პასუხები არის გასაცემი. რუსული პასუხი არის სიცრუე თავიდან ბოლომდე. ჩემი აზრით, საქართველოში იმისთვის არსებობს ეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, რომ მას აქვს ორი დანიშნულება, ეს არის ლტოვილების მოვლა და მათ პრობლემების მოგვარება, მეორე და არანაკლები მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსული იმპერიალისტური პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში, იმის საპირისპირო ქმედებები იყოს, სადაც იქნება ნათქვამი სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა იყო საუკუნეების მანძილზე ქართველებსა და აფხაზებს შორის, რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთი ეთნოსი ვართ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა რუსებისთვის.

ყველაფერმა ამან განაპირობა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ სტუდიაში დავიწყეთ მუშაობა აფხაზეთის თემაზე. აფხაზური საკითხი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი, მე არაერთი ნამუშევარი მაქვს გაკეთებული, აფხაზეთში ოჯახი არ არის ნანახი რომ არ ჰქონდეს ფილმი „ოცნებების სასაფლაო“.

დავუკავშირდით ჩვენს კოლეგებს აფხაზეთში, სოხუმში, ისტორიკოსებს, ადამიანებს, რომლებიც ამაში არიან გარკვეული, მოვიძიეთ უმრავი მასალა, როგორც აფხაზური, წმინდა წყლის აფხაზური, აფხაზი ისტიროკოსების, როგორიც არის ძიძარია და შალვა ინალიფა , რომელსაც ამაზე საბჭოთა დროს, როდესაც რუსული ცარიზმი იგმობოდა კომუნისტური ხელისუფლების მიერ, აქვს დაწერილი წიგნი და უამრავი მასალა არსებობს, სადაც აღწერილია ის ბარბაროსობა, რომელიც რუსეთს ჩადენილი აქვს კავკასიაში და მთლიანად აფხაზეთში. ამისთვის საკმარისია გენერალ ერმოლოვის წიგნი „პაკარენიე კავკაზა“ და სხვები, ზღვა მასალა მოვიპოვეთ. რაც ყველაზე მთავარია, ეს პროექტი არის ჩაფიქრებული და ხორციელდება ორივე მხარის მიერ, რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია. მე არ დავასახელებ ადამიანებს გვარებს, რომ საფრთხე არ შევუქმნა, ეს განზრახ იყო გატანილი, ეს ვერ დაიმალებოდა და ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, როგორც აფხაზეთში, ასევე საქართველოში. იქაური რეაქცია გასაგებია, იქ მთლიანად კონტროლდება რუსეთის „ფეესბეს“ მიერ ყველაფერი და იქ ბუზი ვერ გაფრინდება ისე, რომ მათ არ იცოდნენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, ორკესტრირებულად მოხდა დარტყმა მასზე, რომელსაც სათავეში ედგა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, ტელევიზია „მთავარი“, „ფორმულა“ , ასევე „რადიო თავისუფლება“ და „ნიუ პოსტი“.

„ერთ დღეს ორკესტრირებულად მოხდა დარტყმა, სადაც დაგმობილი იყო, რომ მუხაჯირებზე ფილმის გადაღება ხდება წინასაარჩევნოდ. ხაინდრავამ 100 ათასი ლარი მიიღო, რომ ეს არის ოპონენტების მოსაწამლად და ამ პროექტში ჩემი ოპონენტები არიან რუსები. „მთავარი არხი“ ძალიან დარდობს, რომ ოპონენტებს ვწამლავ. არანაირი 100 ათასი ჩვენ არ აგვიღია. ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ განაცხადი შევიტანეთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობის კულტურის სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს ზუსტად მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებასა და შექმნას.

„ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ციკლზე, „სიმართლე აფხაზეთის შესახებ“. ამ ციკლის პირველი ფილმი უნდა ყოფილიყო მუხაჯირებზე, ხოლო ეს თანხა, რომელზეც საუბარია, არის ფილმის ბიუჯეტის ერთი მესამედი, ხოლო ორ მესამედს ჩვენ ვიღებდით საკუთარ თავზე. ეს პროექტი განიხილეს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ყველა ასეთი ტიპის პროექტებს განიხილავს. ამ თემაზე არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მეტიც, იმ ბულინგის შედეგად, რომელიც განხორციელდა, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, რუსლან აბაშიძემ დაიბარა კულტურის მინისტრი ნიჟარაძე და პროექტი შეჩერდა. ვსვამ კითხვას – რატომ? თუ ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდა ეს პროექტი, ეს საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. ჩვენ ამით შეგვიძლია, ინფორმაცია მივაწოდოთ აფხაზეთის ახალ თაობას, რომ მათი მტერი, მათი გენოციდის ჩამდენი არის რუსეთის იმპერია და ქართველებს არანაირი კავშირი მუხაჯირობასთან არ აქვს. ეს იყო ჩვენი ამოცანა. იმ მედიასაშუალებების ამოცანა კი, ამ პროექტის შეჩერება იყო და ეს ამოცანა აქვს რუსეთსაც. ისეთი უგუნური და უსინდისო ადამიანი, როგორიც არის აფხაზეთიდან დევნილი ნიკა გვარამია, მხოლოდ ის შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მსგავსი პროექტების განხორციელების, რადგან პირდაპირ ასრულებს დავალებას, რომელიც საქართველოს გარედან მოსდის. ეს არის იმის კლასიკური მაგალითი, როგორი გავლენები აქვს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში და ვისი ხელით ხდება ამის განხორციელება. მე რუსლან აბაშიძეს ვუსვამ კითხვას, რატომ გააჩერა პროექტი? ამას რა უდევს საფუძვლად? ეს პროექტი ყველა ვარიანტში გაკეთდება, ამაში მონაწილეობას აფხაზეთის ხელისუფლებაც მიიღებს და ეს მათი ვალდებულებაა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.