გოგა ხაინდრავა - შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალია
გოგა ხაინდრავა - შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალია

ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეტაპი დაამთავრა, პოლიტიკურ ველზე სერიოზული ცვლილებებია, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაინდარავამ აღნიშნა, შეიცვალა საარჩევნო სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე ადგილიდან არ იძვროდა.

„ჯერ ვერ გეტყვით, რა სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას, რადგან, ჩემი თვალთახედვით,  ქვეყანა არ არის მზად ამ ცვლილებისთვის. ასეთი ტიპის საარჩევნო სისტემა რამდენად იქნება გამოსადეგი საქართველოსთვის, ამას მომავალში ვნახავთ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე აზრით, ეს ძალიან სახიფათო სისტემაა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამის გამო პრობლემებია.

„რამდენიმე მაგალითიც საკმარისია. მაგალითად, იტალია და ისრაელი. ისრაელში მთავრობა ვერ ჩამოაყალიბეს და დღეს ორი პრემიერი ჰყავთ. ეს მეტნაკლებად პოლიტიკურად ტრადიციული ქვეყანაა. საქართველოში ამის ტრადიცია არ არსებობს, ჩემი ღრმა რწმენით. ამიტომ ზიანი სახეზეა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ პროცესისგან – ნიაღვარი ცილისწამების, დაბეზღებისა და სიცრუის, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობიდან საქართველოს მისამართით ისმოდა და, რაც ქვეყანას აზიანებს. ამიტომ პროცესმა, რა თქმა უნდა, დააზიანა ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.

ამასთან, მისივე თქმით, ყველაზე სახიფათო, რაც ხდება საქართველოში, არის მედიისა და პოლიტიკის სრული კრიმინალიზაცია.

„პოლიტიკასა და მედიას ამოფარებული ვიგინდარები, ხშირ შემთხვევაში კრიმინალები, მორალს სპობენ ამ ქვეყანაში. ჩვენ ვართ მოწმენი იმის, რომ შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი. ამ პროცესმა ძალიან ღრმად გაიდგა ფესვი და ამის სიმბოლოა ჟორიკა რურუა. იგი ახალგაზრდებისთვის შეიძლება არა, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალი, ბანდიტი და ყაჩაღია. მის წინააღმდეგ იყო აღძრული ძალიან მძიმე კრიმინალური საქმეები. უამრავი ადამიანია, ვინც დღესაც ითხოვს მის პასუხისგებაში მიცემას მკვლელობებზე, უამრავ დანაშაულზე. ეს იცის მთელმა საქართველომ. რაც ჟორიკა რურუას მიმართ ხდება, მე არ მახსოვს არც ერთი პრეცედენტი თუნდაც სააკაშვილის, რომელიც ამ მარგინალური ჯგუფის ლიდერია, არც მერაბიშვილის, არც უგულავას მიმართ. დღეს ყველა ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისია მსოფლიოშიც. წარმოუდგენელი იყო, რომ სხვა პირობებში და სხვა დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ამდენჯერ ახსენებდეს ადამიანს, რომელიც წითელი ცირკულარით არის ჩამოყვანილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იგივე კუბილიუსი და სხვა“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.