გოგა ხაინდრავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლება აწუხებს კასტას, რომლის ერთ–ერთი წარმომადგენელი ნინო ლომჯარიაა
გოგა ხაინდრავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლება აწუხებს კასტას, რომლის ერთ–ერთი წარმომადგენელი ნინო ლომჯარიაა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლება აწუხებს კასტას, რომლის ერთ–ერთი წარმომადგენელი სწორედ ნინო ლომჯარიაა. ის თავს არასამთავრობო კასტის უფლებების დამცველად გრძნობს და არა სახალხო დამცველად, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სახალხო დამცველი, სინამდვილეში, ქართველი ხალხის წარმომადგენელია. ქართველი ხალხი კი მრავალეროვანი საზოგადოებაა, რომელიც არამხოლოდ ეთნიკური ნიშნით გამორჩეული ქართველებისგან, არამედ ყველა იმ მრავალეროვანი ჯგუფისგან შედგება, ვინც ამ სახელმწიფოს გაძლიერება–წინსვლა იტვირთა და, რომელიც ქართველ ხალხად აღიქმება, ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია ქართველი ხალხის ინტერესებს არასდროს გამოხატავდა, არც ახლა გამოხატავს და არასწორია განცხადება, რომ დევდარიანის კანდიდატურა მან გამოცდილების, პრინციპულობისა და კომპეტენციის გათვალისწინებით შეარჩია.

„აგერ, იმ ვაჟბატონის, დევდარიანის ერთ–ერთმა მეგობარმა და თანამოაზრე ბაია პატარაიამ დღეს განაცხადა, რომ ყველამ ვიცოდით, დევდარიანი რომ ყველა ქალს ეფარცქვალებოდაო და რაღა მაინცდამაინც სახალხო დამცველმა არ იცოდა, რომელიც თავს სწორედ ამ საზოგადოების წევრად მოიაზრებდა?! ეს რომ ცნობილი ფაქტი იყო, აგერ არის ბაია პატარაიას განცხადება“, – განაცხადა ხაინდრავამ.

რეჟისორმა ასევე აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარია ეთნიკური უმცირესობების მნიშვნელოვან მოწოდებას ყურად არ იღებს და ცდილობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ის ადამიანი გაიყვანოს, რომელიც ვიწრო პარტიულ, ვიწრო სექტანტურ ინტერესებს დაიცავს.

„მისი კანდიდატი განსაკუთრებით ქალების ინტერესებს როგორ იცავს, ყველამ კარგად ვნახეთ. ასე რომ, არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ლომჯარიას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც მის გადაწყვეტილება მოჰყვა, თანამდებობიდან თავისი ნებით წავიდოდა, მაგრამ ის არასოდეს არ წავა ისევე, როგორც გიგაური, რადგან ქერის ორმოში მოხვედრა მათი ამოცანა, მიზანი და სულისკვეთებაა, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად დანიშვნა შეცდომა იყო, რადგან ის სხვა აზროვნებაზეა გაზრდილი, რომელსაც ვერაფერი შეუცვლის.