გოგა ხაინდრავა - საზოგადოებრივი მაუწყებელი გაჩენის დღიდან ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა და დღეს პირველად გაჩნდა შანსი, ასე არ იყოს
გოგა ხაინდრავა - საზოგადოებრივი მაუწყებელი გაჩენის დღიდან ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა და დღეს პირველად გაჩნდა შანსი, ასე არ იყოს

საზოგადოებრივი მაუწყებელი აქამდე ასეთი არასდროს ყოფილა. ის თავისი გაჩენის დღიდან ყოველთვის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა და დღეს პირველად გაჩნდა შანსი, ეს ასე არ იყოს, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებაში ავტორიტეტის აკრეფას ახლა იწყებს. მნიშვნელოვანია განახლებული ხედვა და პროცესები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს წინ უძღოდა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა იმიტომ მიმდინარეობს, რომ ეს არის ერთადერთი ციტადელი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ნეიტრალურ ჩამომყალიბებლად მოიაზრება, რადგან ყველა დანარჩენი ტელევიზია კერძოა და მათი სარედაქციო პოლიტიკა თუ საქმიანობის სხვა სფერო იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც მათ აფინანსებს.

„სწორედ ამიტომ არიან ისტერიკაში. ამ ისტერიკაში პოლიტიკური წუმპეც არის – ისინი, ვინც საკუთარ თავს პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში რასაც წარმოადგენენ, ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს“, – განაცხადა რეჟისორმა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, არასამთავრობოების კასტა საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლს კარგავს და ამ ადამიანებს უნდათ, თავიანთი წარმომადგენელი უკანასკნელ ციტადელში ჰყავდეთ.

„მათ ჰყავთ კიდეც რამდენიმე წარმომადგენელი. ერთ–ერთმა მათგანმა პოსტი ახლახანს დატოვა და თავის წიაღს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაუბრუნდა, რის გამოც ეს ვაი–ვიშია ატეხილი. ეს ადამიანები პირდაპირ ლობირებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ინტერესებს ისევე, როგორც ამას ეს არასამთავრობოების კასტა აკეთებს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ექვსპუნქტიან გეგმაში პირდაპირ წერია, რომ მათ სადავეები, „ქერის ორმო“ დაკარგეს და ამას თავს ვერაფრით პატიობენ.

„ისინი მართავდნენ ქერის ორმოს, სადაც საკუთარ აქტივისტებსა და თანამოაზრეებს კომფორტულ სივრცეს უწყობდნენ და ბუნებრივია, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ უნდათ. ამიტომ, ეს ყველაფერი არ უნდა გაგიკვირდეთ. წყნარად უნდა იმუშაოთ, თქვენი საქმიანობა გააგრძელოთ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტორიტეტი აამაღლოთ, რადგან თქვენი მთავარი შემფასებელი მაყურებელია და რამდენიმე ხანში დაინახავთ, რომ თქვენმა მაყურებელმა ყველა სხვა მედია საშუალების მაყურებლის რაოდენობას გადააჭარბა“, – განაცხადა რეჟისორმა.