გოგა ხაინდრავა - საქართველოს ისტორიაში 7 ნოემბერი იყო ერთ-ერთი სამარცხვინო დღე, როცა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს სასტიკად დაუპირისპირდა
გოგა ხაინდრავა - საქართველოს ისტორიაში 7 ნოემბერი იყო ერთ-ერთი სამარცხვინო დღე, როცა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს სასტიკად დაუპირისპირდა

ძნელია, ამის შესახებ შვილებს და შვილიშვილებს ელაპარაკო, მაგრამ ეს უნდა გააკეთო, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„თავის დროზე, ეს გააკეთა გერმანელმა ხალხმა, როცა სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ყველას, მათ შორის, მოზარდებს აჩვენებდნენ იმ უბედურებას, რაც ნაციზმმა ჩაიდინა. იმის გამო, რომ გერმანელმა ხალხმა გაიაზრა, შეიგრძნო და განიცადა ის, რაც ჩადენილი იყო, ომის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ, გერმანია ევროპაში ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა იყო, დღეს კი, საერთოდ ლიდერია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, დღეს გვესმის, რომ 7 ნოემბერი და სხვა დანაშაულების კონა შეცდომა იყო, რაც კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, რადგან ეს იყო არა შეცდომა, არამედ მძიმე დანაშაული.

მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 7 ნოემბერი იყო ერთ-ერთი სამარცხვინო დღე, როცა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს სასტიკად დაუპირისპირდა.

„ეს იყო საკუთარი მოქალაქეების უსასტიკესი დარბევა; თავისუფალი აზრის, სიტყვის, მომავლის და რწმენის ჩახშობა. ამ ადამიანებმა სისხლის კალო მოაწყვეს და დღეს უნდათ, ამას შეცდომა უწოდონ. თუ გვინდა, რომ ასეთი მძიმე დანაშაული არ განმეორდეს, ამას სახელი უნდა დავარქვათ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კინორეჟისორმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში დადებული შედეგი ქართულ საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის უკმარისობაა.

„საქართველოში 300 000-მდე პრობაციონერი იყო. აღარ ვლაპარაკობ ყველა დანარჩენ დაჩაგრულზე. ამ ადამიანებს უკმარისობის გრძნობა აქვთ, რადგან მათ უსამართლობის შეგრძნება აწუხებთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.