გოგა ხაინდრავა - „რუსთავი 2", „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ისე დევნიდნენ მირზა სუბელიანის ოჯახს, როგორც ამას ბოლშევიკები აკეთებდნენ 
გოგა ხაინდრავა - „რუსთავი 2", „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ისე დევნიდნენ მირზა სუბელიანის ოჯახს, როგორც ამას ბოლშევიკები აკეთებდნენ 

მირზა სუბელიანის ოჯახის, მისი შვილის და სანათესაოს დევნა თავდაპირველად დაიწყო „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, ეს იყო ნამდვილი დევნა, რომელსაც 30-იან წლებში ახორციელებდნენ ბოლშევიკები, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ფარულ ჩანაწერებს არ უსმენს, რადგან ეს არის კოშმარი, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ ამყოფოს ქვეყანა.

„არ ვიცი, რატომ იყო ნახსენები ჩემი გვარი ჩანაწერებში. მე მირზა სუბელიანს ვიცნობ, ერთი-ორჯერ ვარ შეხვედრილი ანაკლიაში. ფილმს ვიღებდი და იქ იყო მაშინ. ამით შემოიფარგლება ჩვენი ნაცნობობა. თავდაპირველად მირზა სუბელიანის ოჯახის, მისი შვილის და სანათესაოს დევნა დაიწყო „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, ეს იყო ნამდვილი დევნა, რომელსაც 30-იან წლებში ახორციელებდნენ ბოლშევიკები. მაშინ ვთქვი, სირცხვილია, რომ ითხოვენ მთელი ოჯახის დაპატიმრებას”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველოში არ ეგულება მამა, რომელიც არ შეეცდება თავისი შვილის დაცვას.

„მირზა სუბელიანის შემთხვევაში არის ფსიქოლოგიური მომენტიც, როცა პატიმარი იმყოფება ციხეში, მე ეს გამოცდილი მაქვს, მინდა გითხრათ, რომ როცა ასეთი დევნა მიმდინარეობდა, იქ ძალიან ძლიერი ადამიანები გატეხილან წნეხისგან, სამარცხვინოდ იმ კომისიის წევრებისა, რომლებსაც პრეტენზია აქვს სამართლიანობაზე და რომლებმაც სისხლში ჩაახშეს ეს ქვეყანა. მათი მხრიდან მიდიოდა ეს შეტევა. ცინიზმია, როდესაც სუბელიანის მხარდასაჭერად გამოდის „რუსთავი 2“, „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“ და ამბობს, რომ ერთი თმა არ ჩამოუვარდეს მელოტ სუბელიანს თავიდან, თორემ აღშფოთდება გვარამია. ეს არის ცინიზმი, ეს არის საზოგადოებრივი დეგრადაცია, რომლის მოწმენი ვართ ჩვენ და რომლის სათავეში დგას სააკაშვილი თავისი „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ინსპირირებულია კარგად გაწერილი მოსკოვური სცენარით, რომ ქვეყანა აირიოს. ქვეყანა დაანგრიონ. ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.