გოგა ხაინდრავა - ქვეყანას შეეყარა „სტოკჰოლმის სინდრომი“, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში 600 ათასმა მსხვერპლმა მოძალადეს მისცა ხმა  
გოგა ხაინდრავა - ქვეყანას შეეყარა „სტოკჰოლმის სინდრომი“, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში 600 ათასმა მსხვერპლმა მოძალადეს მისცა ხმა  

ქვეყანას შეეყარა „სტოკჰოლმის სინდრომი“, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში 600 ათასმა მსხვერპლმა ხმა მოძალადეს მისცა, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რუსთაველის გამზირზე, საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებაზე „მე ვიცავ თავისუფლებას“ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, დღეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა, მაგრამ ქვეყანა იმდენად გაიზარდა, რომ ამას არ დაუშვებს.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გარეთ მთელი საქართველო გამოვა, რათა ამ სიმხეცეს, სისასტიკეს და კაცთმოძულეობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას. ეს არის კაცთმოძულეობა, სხვას ვერაფერს დაარქმევ იმას, რასაც ესენი ქვეყანაში ცხრა წლის განმავლობაში ჩადიოდნენ. ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ეს ცხრა წელი უნდა დავივიწყოთ და არ ვილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ სულიერად და ფიზიკურად დასახიჩრებულ ხალხს, გაუბედურებულ ოჯახებს რა ვუყოთ? საქართველოში 300 ათასი პრობაციონერი იყო. იმ ბავშვებს რა ვუყოთ, რომელთა მამები ციხეებში ფსიქოლოგიურად გატეხეს, გამოვიდნენ და ღმერთმა იცის, ახლა რა დღეში არიან. რა პასუხი გავცეთ? დავივიწყოთ ყველაფერი, რასაც ჩადიოდნენ? შეგიძლიათ რომელიმე ქვეყანა დამისახელოთ, რომელიმე ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს იმას დამართებს, რაც მათ ჩვენ ყველას და საქართველოს დაგვმართა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ქვეყანას შეეყარა „სტოკჰოლმის სინდრომი“, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში 600 ათასმა მსხვერპლმა ხმა მისცა მოძალადეს.

„არის ასეთი ცნება „სტოკჰოლმის სინდრომი“. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც მსხვერპლს საკუთარი მოძალადისადმი ტრფობა აქვს. მეგონა, რომ ეს ფსიქოლოგიური მოვლენა იყო. არჩევნებზე მივხვდი, რომ ეს ვირუსია, რომელიც ამ ქვეყანას შეეყარა, რადგან 600 ათასმა მსხვერპლმა ხმა მისცა მოძალადეს, მოძალადეს ტრფობა გამოუცხადა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაინცდამაინც ბოლომდე კარგად გააზრებული არ გვაქვს, სად ვიყავით და სად ვართ. უამრავი პრეტენზია შეიძლება გქონდეს. კაცობრიობას არ შეუქმნია  ყველას მოსაწონი ხელისუფლება. ადრე თუ გვიან ყველა მთავრობა იცვლება. ყველა მთავრობა შეცდომებს უშვებს, მაგრამ არის შეცდომები და არის დანაშაული. ეს ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, პასუხი ყველას უნდა მოვთხოვოთ შეცდომისთვისაც და დანაშაულისთვისაც, მაგრამ ამ პასუხის ხარისხი სხვადასხვა უნდა იყოს.

„ეს ვირუსი იმ შხამკომბინატებიდან მოდის, რომელიც საქართველოშია გახსნილი. ეს შხამკომბინატები ძალიან სერიოზულად ფინანსდება და მათი არსებობა ჩვენ დავუშვით. იქიდან ყოველდღიურად, დილიდან დილამდე ძალადობა, გარყვნილება, ცილისწამება და სიცრუე მოედინება. ეს ყველაფერი კი სიტყვის თავისუფლებითაა შენიღბული და ამას ტელევიზიები ჰქვია. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. ამ შხამკომბინატებმა მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ 600 ათასი კაცი მივიდა და ხმა ამ მოძალადეებს მისცა. ის, რაც საქართველოში ხდება, შემთხვევითი არ არის. თავის დროზე, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა იმისთვის, რომ საქართველო ხერხემალში გაეტეხა, რიგითი სააკაშვილი გამოაგზავნა. ნებისმიერ სასამართლოში დავუმტკიცებ სააკაშვილს, რომ ის საბჭოთა კავშირის უშიშროების საბჭოს გამოზრდილია. კიევის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობდა, ეს არის სამჭედლო. მერე უშიშროების ჯარში მსახურობდა და ნანახი მაქვს ეს სურათი, როგორ აძლევს ფიცს უშიშროების კომიტეტს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.