გოგა ხაინდრავა - მე პირველად გავიგე აფხაზეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი  წარმომადგენლისგან, რომ მტრები არ ვართ
გოგა ხაინდრავა - მე პირველად გავიგე აფხაზეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი  წარმომადგენლისგან, რომ მტრები არ ვართ

ომი მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტრობა მუდმივია, – ასე გამოეხმაურა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგი შამბას ინტერვიუს.

როგორც  ხაინდრავამ პირველ არხს განუცხადა,  შამბას ინტერვიუში  მთავარი და მნიშვნელოვანი იყო განცხადება, რომ მტრები არ ვართ.

„შამბა გონიერი კაცია, ძალიან ავტორიტეტულია აფხაზურ საზოგადოებაში. შამბას ინტერვიუში ჩემთვის პოლიტიკური ასპექტი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის,  რადგან წარსულს ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ინტერვიუში იყო ადამიანური ასპექტი. მე პირველად გავიგე ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურისგან, აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლისგან, რომ ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ ნამდვილად არ ვართ მტრები“,-აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ აღნიშნა, რომ  სერგეი შამბას ასეთ განცხადებას მიესალმება.

„მეც მინდა,  დავარწმუნო, რომ ჩვენც ასე მივიჩნევთ –  აფხაზები ჩვენი მტრები არ არიან. პირიქით, ჩვენ  ბევრი მეგობარი გვყავს,  ეს მეგობრული და ნათესაური კავშირები არ განელებულა. ეს არის საწინდარი ჩვენი მომავლის, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ ქართველებმა და აფხაზებმა. მესამე მხარე შესაძლოა, პოლიტიკური დიალოგის მონაწილე იყოს, მაგრამ წმინდა ადამიანური დიალოგის მონაწილეები უნდა იყვნენ აფხაზური მხარე და ქართული მხარე. სერგეი შამბას მსგავსი მოწოდება, რომ ჩვენ მტრები არ ვართ და ვართ მეგობრები, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ჩვენც და აფხაზებმაც ამას სერიოზულად უნდა მივაქციოთ ყურდღება“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, მისივე თქმით, თავის დროზე, არძინბა მზად იყო, ფედერაციულ მოწყობაზე მოეწერა ხელი, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.

„მე მასთან ურთიერთობა მქონდა და მოლაპარაკებების ბევრი რაუნდი ჩავატარე. შამბა ამბობს სიმართლეს. პრიმაკოვმა ჩამოიყვანა არძინბა საქართველოში და არძინბა მზად იყო, ფედერაციულ მოწყობაზე მოეწერა ხელი. სამწუხაროდ, მაშინდელი ხელისუფლება და ედუარდ შევარდნაძე ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ, აყვნენ შიდა პოლიტიკურ კონიუნქტურას. ამაზე უარი ვთქვით და ძალიან სერიოზული შანსი გავუშვით ხელიდან. ვერ ვიტყვი, რომ ცალმხრივად იყო უარყოფილი რამე შესაძლებლობები. საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა ორივე მხარემ“,-განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“  ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.