გოგა ხაინდრავა - საერთაშორისო თანამეგობრობას პირველ რიგში მოეთხოვება ქვეყნის პატივისცემა, დიდია ის თუ პატარა
გოგა ხაინდრავა - საერთაშორისო თანამეგობრობას პირველ რიგში მოეთხოვება ქვეყნის პატივისცემა, დიდია ის თუ პატარა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს ეხმაურება და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების კრიტიკულ შეფასებებს პასუხობს.

„ზღვარგადასული უტიფრობაა უკვე, ვინმე ტიტუს კორელნეტმა, სოციალური პარტიის წარმომადგენელმა და კლოდ კენიუმ, საფრანგეთის წარმომადენელმა სინანული, იმედგაცრუება გამოხატეს, თითქოს საქართველოში მოსამართლეების არჩევის დროს მოსამართლეების გაუმჭვირვალე და დეფიციტური შერჩევა იყო. ეს არის სრული სიცრუე. სხვა საქმეა, რა მდგომარეობაშია ქართული სასამართლო კორპუსი, ისევე როგორც რუმინული. დარწმუნებული ვარ, უკეთეს მდგომარეობაში არ არის. ფეიკ ნიუსების სამყაროში ვცხოვრობთ, მესმის, რომ ძალიან ძნელია, ამოარჩიო ის ადამიანები, რომლებსაც უმწიკვლო რეპუტაცია აქვთ. ბუნებრივია, რომ ვინც მუშაობდნენ სააკაშვილის და ბოკერიას რეჟიმის დროს, ასე თუ ისე მათი დიდი უმრავლესობა ემსახურებოდნენ რეჟიმს ისევე, როგორც ემსახურებოდნენ პროკურორები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი მოსამართლისადმი შეიძლება, იპოვო რაღაცა პრობლემა, რომელიც მას ბიოგრაფიაში ჰქონდა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ჩვენ გავაუქმოთ სასამართლო კორპუსი. მთლიანად რომ გავაუქმოთ სასამართლო კორპუსი და პროკურატურა, ვინ უნდა მოვიყვანოთ ან რა გარანტიაა ამ გადაგვარებულ ყოფაში, რომ ის ადამიანები, ვინც მოვლენ, უკეთესები იქნებიან მორალური ან პროფესიული თვალსაზრისით. ამიტომ, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. სამწუხაროდ, ამ ქარიშხალში მონაწილეობენ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო წარმომადგენლები ევროპიდან. ეს რომ ასეა, მე შემიძლია, მოგიყვანოთ ევროსაბჭოსთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას განცხადების ამონარიდი. ვფიქრობ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დავეთანხმები გიგა ბოკერიას. ამის მაგალითი, რომ ეს ასეა, არის უტიფარი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ“ ,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, ხაინდრავამ კომენტარი გააკეთა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზეც. ხაინდრავას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას პირველ რიგში ნებისმიერი ქვეყნის პატივისცემა მოეთხოვება.

„პირველ რიგში, რაც მოეთხოვება საერთაშორისო თანამეგობრობას, ეს არის პატივისცემა ნებისმიერი ქვეყნის, პატარაა ის თუ დიდი. როდესაც თავხედობის უფლებას აძლევ თავს, ეს ნიშნავს, რომ თავად გაკლია უნარი, საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურ სივრცეში იმოქმედო. ეს ეხებათ  საელჩოებსაც, რომლებიც არ იცავენ იმ სახელმწიფოების ინტერესებს, რომლებსაც წარმოადგენენ. ამის მაგალითი არის ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ელიზაბეთ რუდი, რომელიც ძალიან დიდ მწუხარებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველო რომ პროპორციულ სისტემაზე არ გადავიდა, ეს დემოკრატიის არ ყოფნა, მისი უკან დახევა და კატასტროფაა. ქალბატონ ელიზაბეთ რუდის ლოგიკით, პროპორციული სისტემა თუ არ არის ქვეყანაში, ეს არის დემოკრატიის დაცემა და უბედურება. მაშინ ამ ლოგიკით აშშ საერთოდ ანტიდემოკრატიული ქვეყანა ყოფილა და ამაზე უფრო დაკნინებული დემოკრატიული სისტემა ალბათ მსოფლიოში არ არსებობს. ამ ქალბატონის ლოგიკით ვამბობ, რადგან ამერიკაში მთლიანად მაჟორიტარული სისტემაა ისევე, როგორც საფრანგეთში“ ,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.