გოგა ხაინდრავა - ნინო ლომჯარიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, პოსტს დატოვებდა
გოგა ხაინდრავა - ნინო ლომჯარიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, პოსტს დატოვებდა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეტევა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების კუთხითაც მიმდინარეობს. ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ზვიად დევდარიანის წარდგენით სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა.

„ნინო ლომჯარიას თავმოყვარეობის ნასახი რომ ჰქონდეს, პოსტს დატოვებდა. საქართველოში არსებულმა ყველა ორგანიზაციამ, ვინც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, წარადგინა ბელა ოსიპოვას კანდიდატურა.  ოსიპოვას მე არ ვიცნობ, არც არასდროს მინახავს. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ერთსულოვნება, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს. ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანელები და სომხები ერთ აზრზე არიან. საქართველოში ეს ხდება იშვითად, მაგრამ ხდება. ზუსტად ეს მომენტი იყო, როცა სომხური დიასპორის წარმომადგენელს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, უკრაინელებმა, ებრაელებმა, რუსებმა, ლატვიელებმა, ყველამ ერთად განაცხადეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ კონკრეტული კანდიდატს. ჩვენ ვართ მრავალეროვანი ქვეყანა, აქ არის ტრადიციული დიასპორები  – აზერბაიჯანული, სომხური, ებრაული, რუსული თემები, რომლებიც ყოველთვის ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, სერიოზულ როლს თამაშობდნენ ქართული სახელმწიფოს განვითარებაში და მათი წარმომადგენლობა არის აუცილებელი ასეთ ინსტიტუციაში.  ეს ლომჯარიამ მშვენივრად იცოდა, მასაც მიმართეს, პარლამენტსაც მიმართეს, საზოგადოებასაც მიმართეს ამ ორგანიზაციებმა და თქვეს, რომ ჩვენი არჩევანი არის ქალბატონი ოსიპოვა – არა, ლომჯარიამ წარადგინა დევდარიანი, რომელიც ქალთა უფლებების დამცველია და, როგორც აღმოჩნდა, ზუსტად ისეთი დამცველია, ქალთა უფლებების, როგორიც კაპიტანი ეკა გიგაური იცავს ჩვენ უფლებებს ან ვთქვათ ლომჯარია არის სახალხო უფლებების დამცველი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას დაავიწყდა, რომ არის სახალხო დამცველი, არასამთავრობოების დამცველი კი არ არის, ხალხის უფლებები უნდა დაიცვას და ხალხის უფლებები რომ დაიცვას, უნდა ერკვეოდეს, რომ ქართველი ხალხი არ არიან მხოლოდ ეთნიკურად ქართველები.

„ქართველი ხალხი არიან სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები, ესტონელები. ლატვიელები და ა.შ. და ჩვენ ყველანი ერთად ვართ ქართველი ხალხი”, – აღნიშნა ხაინდრავამ.