გოგა ხაინდრავა - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მკვლელების ორგანიზაცია, საერთაშორისო და საქართველოს სამართლის განაჩენი გამოტანილია
გოგა ხაინდრავა - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მკვლელების ორგანიზაცია, საერთაშორისო და საქართველოს სამართლის განაჩენი გამოტანილია

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მკვლელების ორგანიზაცია, საერთაშორისო და საქართველოს სამართლის განაჩენი გამოტანილია. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა დამთავრდეს, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ციხის ბუნტთან დაკავშირებით არის „ნაციონალური მოძრაობის“ განაჩენი.

„ეს განაჩენი პირველად დადგა გირგვლიანის საქმეზე, შემდეგ ვაზაგაშვილის საქმეზე; რობაქიძის საქმე, შემდეგ ავჭალის საქმე და დღეს ციხის ბუნტი. ეს არის მკვლელების ორგანიზაცია. არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის. საერთაშორისო და საქართველოს სამართლის განაჩენი გამოტანილია. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა დამთავრდეს. უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი ევრო-რუსული ორგანიზაციის, რომელსაც გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, რადგან ბოკერია იყო ამ ყველა საქმის შემოქმედი და იდეოლოგი. მე ეს კარგად ვიცი, რადგან იმ დროს მთავრობის წევრი ვიყავი და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ციხის ბუნტის დროს, როდესაც შვიდი კაცი იყო მოკლული, 22 კაცი მძიმედ დაჭრილი და უამრავი დასახიჩრებული, ბოკერია, მერაბიშვილი და ადეიშვილი იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას კაბინეტში, მითითებებს აძლევდნენ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი გაერთიანება და არავითარი პოლიტიკური საქმიანობა მათ არ უნდა წარმართონ, რადგან ისინი უნდა დაისაჯონ. დაისაჯონ ძალიან მძიმედ იმაზე, რაც დამართეს ამ ქვეყანას, ცალკეულ პირებს.

„ამის საფუძველი არის არაერთი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებაც. მე არ მინდა ამ პანდემიის და გაჭირვების ფონზე ჩაიმალოს ეს საკითხი. ბუნებრივია, ამას არ მოვეშვებით. სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში არაერთი დანაშაულია ჩადენილი, უპირველესად არის ის, რომ როდესაც ბუნტი დამთავრდა, მხოლოდ მას შემდეგ არიან ის ადამიანები მოკლული. კარი ჰქონდათ პატიმრებს დაკეტილი და ე.წ. კანოშკებში შეყოფილი ავტომატებიდან ისროდნენ და საკნებში კლავდნენ, ჭრიდნენ ხალხს. მერე ეს დაჭრილი, დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანები გადაიყვანეს მეექვსე იზოლატორში, რომელიც არ იყო გამართული იმ დროისთვის და არანაირი პირობები პატიმრების მოვლის არ იყო. კიდევ ერთი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, იყო ის, რომ ისინი და მათი რუპორები – ტელედივერსანტები მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობით, ცდილობდნენ, ეს ყველაფერი გადაებრალებინათ უდანაშაულო ადამიანებისთვის და შეექმნათ სურათი, თითქოს იქ ძალადობას ჰქონდა ადგილი სახელმწიფო წესრიგის წინააღმდეგ და ამის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. ეს ყველაფერი დღეს გარკვეულია და მინდა, მივმართო ხელისუფლებას, ქართულ მართლმსაჯულებას, რომ ამის საფუძველზე დაიწყოს ძალიან სერიოზული გამოძიება ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ ვიცით, რომ თავის დროზე ახალაიას ამის გამო მიუსაჯეს სასჯელი, ეს სასჯელი მისჯილი იყო ძალის გადამეტებაზე, ამ დროს აქ არის წინასწარი განზრახვით ადამიანების მოკვდინება და არა ძალის გადამეტება, არამედ მკვლელობა. გარდა ამისა, რამდენადაც მე ვიცი, არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს და არც ბოკერიას ამ საკითხზე არანაირი ბრალი წაყენებული არ აქვთ, თუმცა ისინი, როგორც სააკაშვილი, იყვნენ ძირითადი მოქმედი ფიგურები ამ ვანდალიზმში, რაც მათ ჩაიდინეს 2006 წლის მარტში. რაც შეეხება კომპენსაციას, დღეს სახელმწიფო იხდის ფულს იმ დანაშაულში, რაც ბოკერიას აქვს ჩადენილი 2006 წელს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი უბედურება ამ ქვეყნის ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ოპოზიცია არ გააჩნია და ეს, როგორც არასდროს, ნათელი გახდა ამ საერთო განსაცდელის ჟამს, როდესაც ყველა ხედავს შიზოფრენიაში გადასული ადამიანების განცხადებებს.

„თუ ვინმესთვის სწრაფი ტესტირებაა ჩასატარებელი, უპირველეს ყოვლისა, ეს ვაშაძისთვის არის ჩასატარებელი, მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ერთ აქვს ვაშაძეს აჩემებული სწრაფი ტესტები და მეორეს აჩემებული აქვს უკრაინული ავიაკომპანია, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ლიცენზია და რომელიც თაღლითობაშია შემჩნეული, და სურს მისი გაცოცხლება. ამის უკან რა დგას, ესეც ძალიან საინტერესოა. აღარაფერს ვლაპარაკობ იმ მთავარ დამნაშავეზე, რომელიც ემალება ქართულ მართლმსაჯულებას უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს ნომერ მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლების შელახვა დაადგინა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.