გოგა ხაინდრავა - მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულით დღემდე ინახავენ დანაშაულებრივ ტელევიზიას
გოგა ხაინდრავა - მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულით დღემდე ინახავენ დანაშაულებრივ ტელევიზიას

მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი, რომლებიც ქართულ მართლმსაჯულებას ემალებიან, ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულით დღემდე ცხოვრობენ და ინახავენ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელსაც ტელევიზია ჰქვია და საიდანაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები მომდინარეობს, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ფულიდან, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს გამოუყო საშინელი ტრაგედიიდან გამოსასვლელად, არც ერთი თეთრი, არც ერთი ცენტი საქართველოს მოსახლეობამდე არ მისულა.

„ამ ფულით დღეს კეზერაშვილი ცხოვრობს ფეშენებელურ სახლში, ლონდონში, და ინახავს დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელსაც მისი ტელევიზია ჰქვია და საიდანაც მიმდინარეობს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ამ ყველაფერზე ფაქტებით ვსაუბრობ. არც ერთი სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ და რომელიც მითქვამს ამ მიმართულებით, არ არის ჰაერიდან მოტანილი. მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან ნაძარცვი ფულით და იმ ფულიდან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოუყო, დღეს ფეშენებელურად ცხოვრობს უკრაინაში. ასევე ვიცით ჩვენ არაერთი ინფორმაცია მისი უძრავი ქონების შესახებ, როგორც ამერიკაში, ჰოლანდიაში, უკრაინაში ა.შ. ასევე ამ ნაძარცვი ფულით ინახავს მედიასაშუალებას, რომლითაც ხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მე ვგულისხმობ „ფორმულასა“ და „მთავარს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ, ამ მაუწყებლებმა განაცხადეს, რომ საქართველო სომხეთის მხარეს აწვდის იარაღს, რათა აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელდეს ის საომარი მოქმედება, რომელიც მოხდა. ეს არის ცილისწამება.

„ეს ვერ დაიფარება და ვერანაირად იქნება ახსნილი იმით, რომ პოლიტიკური ბრძოლა მიდის. აზერბაიჯანის მედიაში შესაძლოა იყო ეს. მერე რა? აზერბაიჯანულ მედიაზე პასუხს აზერბაიჯანი გასცემს. ქართული მედია რას ავრცელებს და ქართული მედიიდან რაა გასული? დღევანდელი სივრცე ღიაა. ეს ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად მოედინებოდა მთავრობიდან, „ტვ-პირველიდან“ და „ფორმულადან“, გავრცელდა მთელ მსოფლიოში. იმას კი არ მოიკითხავენ, აზერბაიჯანის მედიამ რა თქვა, მოიკითხავენ ქართული მედია რას ლაპარაკობს. ქართული მედია ამტკიცებს ამას.

ის, რაც ბეირუთთან დაკავშირებით გავრცელდა, პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, როდესაც მედიას ამოფარებული ეს დაწესებულებები საქართველოს აბრალებენ ისეთ დანაშაულს, რომლითაც საერთაშორისო ასპარეზზე გაკიცხვის მეტი არაფერი გველოდება. ორივე შემთხვევაში, ეს არის მტკნარი სიცრუე, სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ვინმე წერეთლის ტელევიზიების მიერ მოგონილი. არანაირი კავშირი არც სომხეთ-აზერბაიჯანის საომარ კონფლიქტთან და მით უმეტეს, არც ბეირუთის აფეთქებასთან, არ აქვთ.

ამონიუმის გვარჯილა არის სოფლის მეურნეობაში გამოყენებადი და ნებისმიერმა ადამიანმა, სოფელში მცხოვრებმა, ან ვისაც ბებია და ბაბუა ჰყავს, იცის, რას ნიშნავს ეს. ეს არის ნივთიერება, რომელსაც გამოიყენებენ სოფლის მეურნეობაში მთელ მსოფლიოში და ის, რომ ეს ამონიუმის გვარჯილა რუსთავის ქარხნიდან იყო წამოღებული თუ ბათუმის პორტიდან წაღებული, იმ აფეთქებასთან არანაირ კავშირში არ არის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.