გოგა ხაინდრავა ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში ლიეტუვის ელჩს წერილით მიმართავს
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, კიასტუსის ბუდრისსა და საქართველოში ლიეტუის ელჩს, დარიუს ვიტკაუსკას წერილით მიმართავს.
„მინდა, საგანგებოდ აღვნიშნო ევროპული პორნოლიბერალიზმის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ლიეტუვის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის არის მშობელი. თქვენ დაასანქცირეთ საქართველოს მოქალაქე გიორგი კობახიძე მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მამა. მინდა, გაგახსენოთ, რომ მსგავსი სამარცხვინო გადაწყვეტილება არც საბჭოთა ტოტალიტარულ და არც ნაცისტურ რეჟიმებს არ განუხორციელებიათ! თუმცა თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ლიეტუვის იდეოლოგების, ევროსკავშირის დეპუტატების, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის თანამებრძოლების, ამხანაგების – იუნკევიჩიანეს და კუბილიუსის ღვაწლსა და როლს საბჭოთა კავშირში ЗА ПЕРЕСТРОЙКУ-სთვის ბრძოლაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი ადამიანების ხვედრი გასაკვირად ლმობიერია.
თქვენი მხრიდან შემდეგი მოსალოდნელი ნაბიჯი შეიძლება ვივარაუდოთ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა, რათა საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს აეკრძალოთ შვილების ყოლა, ვინძლო არ მოხდეს მათ მიერ პოტენციური პრემიერ-მინისტრის ჩასახვა. რაც შეეხება თქვენი მონა-მორჩილის სანქცირების პროცესს, თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩემი მშობელი მამის დასანქცირებას ჩემი გაჩენისათვის, აუცილებლად შესაბამის ბრძანებაში მიუთითეთ: სანქცირებულია – ПОСМЕРТНО! ვინაიდან ჩემი მამა გარდაცვლილია.
P.S. თუ აღმოჩნდა, რომ პუტინის რუსეთთან ღვინით ვაჭრობის პროცესში თქვენი მარაგები იწურება და მოსალოდნელია შეფერხება, მზად ვართ, მადლიერების ნიშნად, ჩვენი ოჯახური საწარმოს, „ხაინდრავას მარნის“ მარაგებიდან შეღავათიან ფასებში მოგაწოდოთ ქართული ღვინის საუკეთესო ნიმუშები. ლიეტუველი ხალხისადმი ტრადიციული პატივისცემით, კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა“, – აღნიშნულია წერილში.