გოგა ხაინდრავა - კონტრაბანდასთან დაკავშირებული ცილისწამება არის ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ვინც დგას ამ გაუგონარი ცილისწამების მხარეს, არც ჩვენი მეგობრები არიან, არც ჩვენი თანამოქალაქეები
გოგა ხაინდრავა - კონტრაბანდასთან დაკავშირებული ცილისწამება არის ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ვინც დგას ამ გაუგონარი ცილისწამების მხარეს, არც ჩვენი მეგობრები არიან, არც ჩვენი თანამოქალაქეები

კონტრაბანდასთან დაკავშირებული ცილისწამება უკრაინის მხრიდან არის არა პარტიული ცილისწამება, არამედ ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ცილისწამებაში მონაწილეობს, ჩვენი ქვეყნის მტერია.

„ჩვენ დაგვაბრალეს, რომ ვეხმარებით რუსეთს იარაღით და პრაქტიკულად, რუსეთის მხარეს ვართ უკრაინელების წინააღმდეგ. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი და ვერავინ გაიმართლებს თავს, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლებას ეხება. უამრავი ადამიანია ამაში ჩართული, მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობენ, იქნება ეს პოლიცია, თუ საბაჟოს თანამშრომელი. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ძნელი წარმოსადგენია და ნებისმიერი, ვინც ამას აკეთებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მონაწილეობს ამ ცილისწამებაში, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ ცილისწამებას, მთელი მსოფლიოს წინაშე მის გამოყვანას, როგორც ამ ბარბაროსობის თანამონაწილის, სხვას ვერაფერს ვერ დაარქმევ, თუ არა იმას, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. აბსოლუტურად გაუგებარი რამ ხდება, რუსები ებრძვიან საკუთარ ხალხს უკრაინაში. მოსახლეობის დაახლოებით 60% უკრაინაში არის რუსული წარმოშობის“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ამასთან, მისივე განცხადებით, ვინც დღეს გაუგონარი ცილისწამების მხარეს დგას, არ არიან ქვეყნის მეგობრები.

„ეს ცილისწამება არის წყალგამყოფი. ვინც დღეს დგას გაუგონარი ცილისწამების მხარეს, არც ჩვენი მეგობრები არიან, არც ჩვენი თანამოქალაქეები და არც ჩვენი ეროვნების წარმომადგენლები, არიან არისტოვიჩების, კულებების მეგობრები, არ უყვართ საქართველო. ეს მინდა იცოდეს ყველამ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

იმ დღიდან, როცა საქართველოსა და ჩვენ ყველას გაუგონარი ტყუილი დაგვაბრალეს, არც ერთი ეს ადამიანი აღარ არსებობს. ვინც იქით მხარეს დარჩა, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ეს, პოლიტიკური, თუ სიბეცის მოტივით, როგორიც არის მაგალითად ხვიჩია, ხაზარაძე, ჯაფარიძე. სამადაშვილზე აღარ ვლაპარაკობ, ის ერთ-ერთი მოთავეა ამ უბედურების. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აღარ ვლაპარაკობ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მინდა, მათ იცოდნენ, ხალხს ვერ დავუძახებ, ისინი არ არსებობენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და ეს არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული. დარწმუნებული ვარ, ჩემნაირად უამრავი ადამიანი ფიქრობს, უამრავი ადამიანი დგას ამ პოზიციაზე და არასოდეს შეეგუება მსგავს ცილისწამებას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.