გოგა ხაინდრავა - იაგო ხვიჩია რომ არის პოლიტიკური ფიგურა, ეს პოლიტიკური ველის გადაგვარებაზე მეტყველებს
იაგო ხვიჩიას რაც შეეხება, სასაცილოა, რასაც ვუყურებთ. არანაირი კავშირი მათ პოლიტიკასთან არ აქვთ, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ თემის კომენტირებისას.
„ეს არის სექტა, ყველა ეპისკოპოსია და რეზინის ეკლესია აქვთ, ჯარიდან ხალხს ათავისუფლებენ და ა.შ. ზუსტად ამ პოლიტიკური ველის გადაგვარებაზე და დეგრადირებაზე ის მეტყველებს, რომ იაგო ხვიჩია არის პოლიტიკური ფიგურა და მთელი საზოგადოება, როგორც წარმოუდგენიათ მედიასაროსკიპოებს, არის გატრუნული იმის იმედით, რომ იაგო ხვიჩია და ალეკო ელისაშვილი შევლენ პარლამენტში; არის ერთი ვნებათაღელვა – ჯანდაბაში გზა ქონიათ. არანაირი საჭიროება და სიკეთე პარლამენტში მათი ყოფნისგან არ იქნება, ამიტომ იმ ჭაობში უნდა დარჩნენ, რომელიც შრება.
ამერიკაში არის ორპარტიული პარლამენტი და ამისგან ორასი წლის განმავლობაში არ დაზარალებულა. სამწუხაროდ, საქართველოში მეორე პარტია არ არის, „ქართული ოცნება“ არის მარტო პოლიტიკურ ველზე და ეს არის საფრთხე პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“. ამას თუ გაიაზრებენ და პოლიტიკური სიბრძნე ეყოფათ, რომ ხელი შეუწყონ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, თავმოყრას, მათთან პაექრობაში გააგრძელებენ სახელმწიფოს მართვას, ძალიან კარგი იქნება. თუ არადა, მათაც არ ექნებათ კარგი მომავალი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.