გოგა ხაინდრავა - გუშინ დამთავრდა ის პოლიტიკური წუმპე, რომელიც საქართველოში შეიქმნა დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი წლებიდან
გოგა ხაინდრავა - გუშინ დამთავრდა ის პოლიტიკური წუმპე, რომელიც საქართველოში შეიქმნა დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი წლებიდან

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არის მიბმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამ აბსოლუტურად გაუგებარ არსებასთან, რომელიც ერთადერთ რამეს ცდილობს, რომ როგორმე აურიოს და გადაიყვანოს ეს ქვეყანა იმ რეჟიმში, როდესაც განვითარება არის შეუძლებელი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ქართველმა ხალხმა აჩვენა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, როგორ უნდა ცხოვრობდეს, ვითარდებოდეს ქვეყანა.

„ეს არის მისასალმებელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორთვიან სრულ კატასტროფაში ვიყავით, რადგან რაც მოედინებოდა ეკრანებიდან, არათუ ადამიანის ღირსებას ლახავდა, არამედ საერთოდ ბუნების ღირსებას ლახავდა როგორც ასეთს. რისი მომსწრეც ვიყავით, იყო სამარცხვინო და ქართველი ხალხი ამაზე ბევრად ზემოთ დადგა. ის პოლიტიკური წუმპე, რომელიც საქართველოში შეიქმნა დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი წლებიდან დღემდე, გუშინ დამთავრდა. გუშინ დამთავრდა ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, რადგან ნათლად დავინახეთ, რომ განსაკუთრებით რამდენიმე არის მიბმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამ აბსოლუტურად გაუგებარ არსებასთან, რომელიც ერთადერთ რამეს ცდილობს მხოლოდ, რომ როგორმე აურიოს და როგორმე გადაიყვანოს ეს ქვეყანა იმ რეჟიმში, როდესაც განვითარება არის შეუძლებელი. ისინი პირდაპირ მხარს უჭერდნენ და მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ის იდეები, თუ შეიძლება იდეები დაერქვას, დუჟმომდგარი ადამიანების ის ბოდვა, რომელიც გვესმოდა ეკრანიდან, თუ შეიძლება ამას რაიმე იდეა ეწოდოს, აი ამ იდეის მხარდამჭერები იყვნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, შეექმნათ წინაპირობა, რომ საქართველოში არეულობა დაწყებულიყო. მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ხალხი და მისი შეგნება, განსაკუთრებით პოლიტიკური შეგნება, ბევრად უფრო მაღლა აღმოჩნდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი არასერიოზულია.

„აბსოლუტურად სასაცილოა. ამის არანაირი წინაპირობა ​არ არსებობს. საერთოდ მგონია, შეურაცხმყოფელია, რომ ამ თემაზე ვლაპარაკობთ, რადგან სერიოზული ხალხი ზიხართ აქ, ჟურნალისტები. ის ბოდვა, რასაც ის არსება ლაპარაკობს იქიდან, ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება. ეს პროექტი ჩავარდა საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად ნათელი“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.