გოგა ხაინდრავა - გრიგოლ ვაშაძე დესტაბილიზაციისთვის იბრძვის და არა იდეების განხორციელებისთვის
გოგა ხაინდრავა - გრიგოლ ვაშაძე დესტაბილიზაციისთვის იბრძვის და არა იდეების განხორციელებისთვის

გრიგოლ ვაშაძე დესტაბილიზაციისთვის იბრძვის და არა იდეების განხორციელებისთვის, – განაცხადა კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„იმისთვის, რომ განვითარება შევძლოთ, პირველ რიგში, რუსული პროექტის თავიდან აცილება უნდა მოვახერხოთ. საქართველოში დესტაბილიზაცია ერთადერთ ქვეყანას, რუსეთს აწყობს. მსოფლიოში არც ერთი სხვა ქვეყანა არ არის, ვისაც ეს აქ აწყობს. ამ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი დიდი ხანია გვესმის, ჯერ კიდევ არჩევნებამდე. გუშინ და დღეს კი, პირდაპირ გაცხადდა, რომ ვაშაძე იდეების განხორციელებისთვის კი არ იბრძვის, არამედ დესტაბილიზაციისთვის. ეს ყველაფერი მათ განხორციელებული აქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ქვეყნის წარსულია. მომავალი კი, არის გზა ევროპისკენ, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ითხოვს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, სასაცილოა, როცა საბჭოთა ნომენკლატურაში, უშიშროების კომიტეტის წიაღში გამოზრდილი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო, დღეს რუსული ნარატივის მატარებლად მოიხსენიებს ადამიანს, რომელიც საფრანგეთში, ფრანგული დიპლომატიის წიაღში გაიზარდა, რომლის მამამაც საფრანგეთის პასპორტი არ აიღო და ამ პრივილეგიაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ პასპორტში ქართველი წერებოდა.

კინორეჟისორმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული დაწესებულებები, რომლებიც დღეს თავისუფალი სიტყვის მოთხოვნით არიან შენიღბული და ისე პოზიციონერობენ, როგორც მაუწყებლები, შხამკომბინატებია, რადგან მათგან შხამის, ძალადობის, სიბილწის, სიცრუისა და ცილისწამების მეტი არაფერი მოედინება.

„ვიდრე „რუსთავი 2“-ის მიკროფონს ქუდს წამოვაძრობდი, ის დედაკაცები ნახევარი საათის განმავლობაში დამსდევდნენ. ათჯერ ვუთხარი, თავი დამანებეთ მეთქი. ბოლოს, პატრულთან მივედი და ვთხოვე, იქნებ, ეს მოძალადეები მომაშოროთ, რადგან მე მათთან საუბარი არ მინდათქო. ის ორი დედაკაცი მაინც არ მომეშვა. ეს შხამქიმიკატების კომბინატია და მე მათთან ურთიერთობა არ მინდა. შენთან საუბარი არ მინდა და რატომ მაიძულებ?! ეს ხომ ძალადობაა და თავის დაცვის უფლება ხომ მაქვს?! იმისთვის, რომ ეს ძალადობა მომეშორებინა, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ის, რაც გავაკეთე, რა თქმა უნდა, ხუმრობით იყო გაკეთებული. ვინც ხუმრობად მიიღო, ხომ კარგი, ვინც არადა, როგორც უნდა, ისე მიიღოს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.