გოგა ხაინდრავა - კარგად ვნახეთ ოპოზიციის ერთობის ფასი, შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს, ქართველი ხალხის სახელით რომ საუბრობენ, მხარდაჭერა თუ აქვთ, გაერთიანდნენ
გოგა ხაინდრავა - კარგად ვნახეთ ოპოზიციის ერთობის ფასი, შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს, ქართველი ხალხის სახელით რომ საუბრობენ, მხარდაჭერა თუ აქვთ, გაერთიანდნენ

ღამით კარგად ვნახეთ ოპოზიციის ერთობის ფასი, როგორ უყვართ ერთმანეთი – შავი ჭირივით ვერ იტანენ, ქართველი ხალხის სახელით რომ საუბრობენ, მხარდაჭერა თუ აქვთ, გაერთიანდნენ, – განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბარი აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებით დაიწყო.

„დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, დღეს წყდება ბედი, რომელი იდეოლოგია იქნება გამარჯვებული მსოფლიოში, ფსევდოლიბერალიზმი თუ კონსერვატიზმი. განსაკუთრებით ამას აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის, რადგანაც ტრადიციული ღირებულებები არის საქართველოს საფუძველი.

ვინ არის ამერიკელების მიერ ამ დაპირისპირებაში გამორჩეული, ეს მათი უფლება და ნებაა, ჩვენ კი პატოვს ვცემთ მათ ნებას და არჩევანს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა მოხდება დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთელი მსოფლიოსთვის. რა მოუტანა ნეოლიბერალიზმმა მსოფლიოს, ყველამ კარგად დავინახეთ, იგივე გუშინ, ვენაში სინაგოგაზე თავდასხმა ავიღოთ. ეს არის შედეგი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების კაცობრიობისადმი, რომელიც ამ ფსევდო ლიბერალიზმს გააჩნია და რა დღეში ჩააგდო მსოფლიო, კარგად ვხედავთ. ბუნებრივია, ყველა ჩვენგანის ყურადღება და მზერა ახლა არის ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, სადაც წყდება ჩვენი ხვალინდელი დღე და განსაკუთრებით საქართველოსი, რადგან ჩვენ ვხედავთ არნახულ შემოტევას ქართულ დემოკრატიაზე და სახელმწიფოზე, ვიმყოფებით ახლა ცეცხლმოკიდებულ რეგიონში, სადაც ომი მიმდინარეობს სულ რაღაც ათეულობით კილომეტრში საქართველოდან. ერთადერთი მშვიდი ქვეყანა არის საქართველო და ამ ქვეყნის არევას ცდილობენ ყველანაირი ხერხით და მადლობა ღმერთს, რომ ყველანაირი გაერთიანდნენ. დიდი ხანია, ვამბობ, რომ ეს ქართული პოლიტიკური წუმპე, ტლაპო და ჭაობი უნდა ამოშრეს. სხვანაირად ამ ქვეყანად წინსვლა გაუჭირდება და მე მგონი, მაგის პირად ვდგავართ, რომ ყველანი ერთად არიან დღეს ამ წუმპეში და ძალიანაც კარგია ეს, რადგან ქართულ საზოგადოებას აქვს საშუალება, დაინახოს, ვის რა ვნებები ამოძრავებს და ყველა კარგად ვხედავთ, რა ვნებებია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავა აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაუგებარია, როცა ოპოზიციას მეორე ტურის წინ აქვს შესაძლებლობა, რომ მინიმუმ 75 ადგილი ანუ საპარლამენტო მანდატების ნახევარი აიღოს და ისინი რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

„სხვა საქმეა, რომ ნიკა გვარამიას საროსკიპოს გარდა, ეს სცენარი ვერსად განვითარდება, რადგანაც ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც გვარამიამ და „ტვ პირველმა“ შეიძლება, მოახდინონ რევოლუცია. ნებისმიერი გონიერი ადამიანი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც იკითხავს, რატომ მივდივართ ქუჩაში და რატომ ვამტვრევთ ცარიელ კარებს, როცა შესაძლებელია, რომ მეორე ტურში 16 მანდატი მოიგო და 75 მანდატი გქონდეს ჯამში. ზუსტად იმდენი, რამდენიც აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს არის გაუგებარი და ეს არის კითხვა, რომელ კითხვასაც ვერცერთი ე.წ ოპოზიციონერი ვერ გასცემს პასუხს, რისი მაქნისები არიან ქუჩაში, ამას ვნახავთ უახლოეს დღეებში. სხვა საქმეა, ვის დავალებას ასრულებენ და რა დგას ამის უკან. ძალიან მარტივია, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს რუსეთის ჩარევაზე სხვადასხვა არჩევნებში ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიასა თუ საქართველოსი. ნათლად ჩანს, რას ნიშნავს ეს ჩარევა. იგივე „ქართული მარშიც“ კი, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრებმაც არ მისცეს ხმა, რადგან კარგად იციან, რას წარმოადგენენ ისინი, შიმშილობას აპირებენ, თან სასიკვდილოს, იმის განო, რომ გაუყალბეს არჩევნები. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გაყალბება იყო, რომ „მარში“ სასიკვდილო შიმშილობას აპირებს. ისე უბრალოდ კი არა, უნდა მოკვდნენ, რადგან პარლამენტში გზა დაუკეტეს. პოლიტიკური ჩმორები ბურჯანაძის თამადობით, რომელსაც 0,75 პროცენტი აქვს და იმის მერე რაც 0,75 პროცენტი აქვს, ბოლო 10 წელია, გაყალბებაზე ლაპარაკობს სულ. რას უყალბებენ ამისთანას და რით ვერ გაარკვია მაგის სანათესაომ, ვის უნდა მისცეს ხმა. სანათესაოსაც არ აქვს მისთვის ხმა მიცემული, როგორც ჩანს. აღარ ვლაპარაკობ სხვებზე. ვფიქრობ, რომ ერათადერთი ამოცანა, რომელიც შეიძლება იდგეს და ყველა იქ მოხვდა, სადაც უნდა იყოს, ეს არის სააკაშვილის სამფლობელო, სადაც ის არის ბატონი, სადაც მას ყავს ყმები და რომელსაც არ აქვს არც სინდისი, არც ნამუსი და რაც მთავარია, ამ ქვეყანასთან არ აქვს კავშირი.

ერთადერთი, რაც მაგათ შეუძლიათ, არის იმ შერეკილის ყმობა. რა ვქნათ, ისე აეწყო ცხოვრება, რომ მაინდამაინც აქ გაჩნდა ეგ კაცი და ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს. აქ არ არის საუბარი პოლიტიკაზე ან საპარლამენტო ცხოვრებაზე. ერთადერთი არის, დაუოკებელი მოთხოვნილება ძალაუფლების დაბრუნების და ყველაფერი დანარჩენი აგერ არის, რომ ვერავითარ შემთხვევაში, 90 მანდატზე მეტს „ოცნება“ ვერ აიღებს“, – აცხადებს ხაინდრავა.

მას მიაჩნია, რომ 60 კაცისგან შემდგარი დეპუტაცია ძალიან სერიოზული ძალაა.

„თუ გაერთიანდებიან, როგორც ახლა გაერთიანდნენ საროსკიპოში – გუშინ ღამე ყველამ კარგად ვნახეთ მათი ერთობის ფასი და როგორ უყვართ ერთმანეთი, შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს. თუ აქვთ ერთობა, გაერთიანდნენ და ასეთი მხარდაჭერა აქვთ, როგორც იძახიან და ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ გამუდმებით, რომ თითქოს ქართველი ხალხი უჭერს მხარს მათ, ქართველი ხალხი დაუჭერს მათ მხარს და 75 მანდატი ექნებათ მათ, რამდენიც აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს კი ნიშნავს, რომ ვერცერთ გადაწყვეტილებას ოპოზიციის გარეშე „ოცნება“ ვერ მიიღებს, გარკვეულ ვითარებაში შეიძლება ამ ერთობამ რაზეც ლაპარაკობდნენ და პრემიერობის კანდიდატები ყავდათ, ერთი აღმაშენებელი იყო, მეორე დამანგრეველი, მესამე კოვიდინფიცირებული და ცვენა იყო პრემიერობის მსურველების. გაერთიანდნენ აგერ 21-მდე და მოიგონ არჩევნები, ვინ უშლის ხელს, ქართველი ხალხის სურვილის გამომხატველები ხომ ეგენი არიან, 21-ში იქნება არჩევნები და მორჩება კონცერტი, იმ ბოროტ დღეს გაჩენილს არასდროს არანაირი სურვილი არ ჰქონია პოლიტიკის და არჩევნების. იქ არის ძალაუფლება და ეს პატარები გაერთიანდნენ და ერთად დაიხშობიან იმ ჭაობში. ძალიან კარგი, თუ არ შევლენ პარლამენტში და იქნებ დასრულდეს ეს ჭაობი, ამოვაშროთ იქნებ ეს ერთპროცენტიანი არაფრის მაქნისები, მთელი ცხოვრება, რომ ქართველი ამომრჩევლის სისხლით იკვებებიან,რადგან ისინი, ყველა, ვინც ბარიერი გადალახა, ჩვენი ფულით ცხოვრობენ, რას აკეთებენ ჩვენთვის?გარდა მისა, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდელაკი დადიოდა და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო საქართველოს. დღეს რაც გვესმის დასავლეთიდან, მადლობა ღმერთს, მათ აქვთ უნარი, რომ ამ ვითარებაში გაერკვნენ, ელემენტარულია, რომ შეხედო შედეგებს – ცხრა პარტია შევიდა პარლამენტში, როდის იყო ასეთი რამე? საბჭო რომ იყო, ეგეთი რამე საქართველოში მაგის მერე არ ყოფილა. ძალა თუ ერთობაშია, შევიდნენ და დაუპირისპირდნენ სადაც საჭიროა, შევიდნენ იქ, სადაც ქარიშხალი იქნება შენობის შიგნით და არა გარეთ, იქ სადაც ხალხი არ დაერევა ერთმანეთს და კოვიდს არ გადადებენ, რადგან ეს ავადმყოფობა მძვინვარებს, მაგრამ არა ბელადს უნდა ეს და ესენი ხომ დამოუკიდებლები არ არიან, ეგენი უყურებენ ბელადს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.