გოგა ხაინდრავა გეგმავს პლატფორმის შექმნას, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დასასჯელთა სიაში მყოფი მოქალაქეები საკუთარ მონაცემებს დააფიქსირებენ
გოგა ხაინდრავა გეგმავს პლატფორმის შექმნას, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დასასჯელთა სიაში მყოფი მოქალაქეები საკუთარ მონაცემებს დააფიქსირებენ

ბოკერიამ და სააკაშვილმა თავის დროზე შექმნეს სია, რომელშიც საზოგადოების დიდი ნაწილი იყო შესული, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, გეგმავს სპეციალური პლატფორმის შექმნას, სადაც ბოკერია-სააკაშვილის მიერ შექმნილ სიაში მყოფი მოქალაქეები  საკუთარი მონაცემების დაფიქსირებას შეძლებენ.

„მინდა, მიმართვა გავაკეთო. ეს ეხება შავ სიებს, რომელთა გამოქვეყნებაც დაიწყეს ნაცისტებმა. ეს არ არის ახალი მოვლენა საქართველოში. სიებიც არ არის ახალი, ეს სიები სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის სეიფებში იდო. უფრო ადრე მსგავს სიებს 1920-იან წლებში საქართველოში ადგენდნენ ბოლშევიკები. მათი იდეური წინაპრები, ვინც დღეს ამ სიებს ადგენს და ამ სიების შედეგად ჩვენს წინაპრებს – სულიერს, ხორციელს, ბანაკებში და დასახვრეტ ადგილებში მიერეკებოდნენ. შემდეგ ამ სიებს გერმანიაში ნაცისტები ადგენდნენ, შემდეგ ბოლშევიკები საბჭოთა კავშირში, კომუნისტები, კომკავშირები და ჩეკისტები, ისევე როგორც დღეს, რადგან დღესაც ამ სიებს ადგენენ ჩეკისტები, კომკავშირლები და ბოლშევიკები. ბოკერია, ვაშაძე, ბურჯანაძე, ძმანი და დანი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა ქარია ეს, საით უბერავს და რას უნდა ველოდოთ მათგან. ბუნებრივია, რომ უკურეაქცია ექნება ამას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

რეჟისორი მიმართავს ქართულ საზოგადოებას, რომ სიაში ვინც შედიოდა, ყველამ აღიდგინოს თავი და შედგეს სია.

„სიაში, რომელიც თავის დროზე იყო შედგენილი, შედის მინიმუმ 330 ათასი პრობაციონერი და ამის გამო მათ ციხეები გაიარეს. ამით დავეხმარებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, დიპლომატიურ მისიებს საქართველოში, რათა გაეცნონ, რა მასშტაბის არის ეს სია, რომელიც თავის დროზე ბოკერიამ და სააკაშვილმა – ამ ბოლშევიკებმა შექმნეს. ეს არის სია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შევა, შედიოდა და შედის. ჩვენ გამოვაცხადებთ მისამართს, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოაგზავნოს თავისი მონაცემები, გვარი, სახელი, ტელეფონი, რადგან ეს არმია, რომელიც ნაცისტების სიაში შედიოდა, არის ძალიან დიდი. ამავე დროს მინდა მივმართო პრესას – აუცილებლად გააშუქეთ ეს სია. მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტაქტივისტებს, რომლებიც კამერებით დაგვსდევენ ახლაც, ალბათ მომავალშიც გააგრძელებენ ჩვენს დევნას, ყურადღებით გაეცნონ ამ სიას, რადგან იქ შეხვდებიან თავის კურსელებს, მასწავლებლებს, მეზობლებს, მეგობრებს და უნდა იცოდნენ, რაში მონაწილეობენ. ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, პარალელურად დგება სასულიერო პირების სიები, აქტიურობენ პეტრე ცაავა და ის კომუნისტი თეოლოგები, რომლებიც რწმენას არიან ამოფარებული და სიების შედგენაში აქტიურად არიან ჩართული.

„ამ სიების გამოქვეყნება დაიწყო და პრაქტიკულად თითქმის მთელი სინოდი იქ არის. ეს ყველაფერი არის ბრძოლა ამ სახელმწიფოსთან, დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან, რადგან უამრავი ადამიანია, რომელსაც ამ ხალხისა და სახელმწიფოს მართვა უნდა თავის ჭკუაზე, გამოიყენება იმ ბნელი მიზნებისთვის, რომელიც მათ აქვთ. ამაზე მეტყველებს ათეულობით მილიონი დოლარი და მანეთი, რომელიც მოედინება საქართველოში, რათა ეს ბნელი ძალები გააძლიერონ და ყველანაირად შეარყიონ ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს, შემრყევები, კომკავშირლები და ბოლშევიკები დღეს ცოტანი არიან. ახალგაზრდებს მინდა მივმართო, მოშორდნენ ამ სიბინძურეს, ბნელ ძალას, რადგან ზუსტად ასეთი გულანთებული ახალგაზრდები ბნელ წარსულთან ბრძოლის საბაბით შედიოდნენ კომკავშირში, მერე იმ პარტიულ იდეოლოგებთან ერთად, ისეთივე, როგორც არის ბოკერია, 1930-იან წლებში ამ შავი სიების ბინადართ ერეკებოდნენ ბანაკებში და დასახვრეტად. მერე რომ გული არ დაწყდეთ, თავის შვილებთან არ შერცხვეთ, რომ დღევანდელ ბოლშევიკებთან დგანან და ცდილობენ ამ ქვეყნის დანგრევას, ნებსით თუ უნებლიედ, დროზე გაემიჯნონ იმათ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ყველანაირი შესაძლებლობაა გააპროტესტონ ყველაფერი ის, რაც არ მოსწონთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბნელ ძალასთან გაერთიანებული. გავიდნენ ცალკე და ბევრად მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ეყოლებათ.

„ეს სიები გაცხადებული იყო. ყველამ იცოდა, რას უპირებდნენ ამ სიებში ბინადრებს. ამის შესახებ მათმა იდეოლოგმა, გვარამიამ გამოაცხადა, რომ ყველა გაირიყება საზოგადოებიდან. მაგათ შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, სისხლში ჩაგვახშობდნენ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, გამოცხადდება ელექტრონული მისამართი, სადაც სიის წევრები შეძლებენ საკუთარი მონაცემების დაფიქსირებას.

„სამოქალაქო საზოგადოება ცუდად მესმის ყურში, რადგან ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ჩემულობენ, მაგალითად, კაპიტანი გიგაური, რომელმაც წააგო სასამართლო და ყველა სასამართლოს წააგებს, რადგან არის ისეთივე ვიგინდარა, როგორიც არის სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი. ისინი ჩემულობენ სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ჩვენი მოსახლეობა, მშობლები, მეგობრები, ყველა ადამიანი, ვინც ცხოვრობს საქართველოში. ისინი არ არიან გავლენის აგენტები, რომლებიც ამაში დიდ ფულს იღებენ. მივმართავ გიგაურს, იქნებ კიდევ მიჩივლოს სასამართლოში, ის არის გავლენის აგენტი, რომელიც ამაში ბევრ ფულს იღებს, რათა შეარყიოს ეს ქვეყანა. ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ახალი სიების შედგენაში მონაწილეობენ ისინი, ვინც თავის დროზე თავად იყვნენ ამ სიებში. ამ სიების არსებობაც კი, მათი ხსენებაც კი, სამარცხვინოა საზოგადოებისთვის. ამას ყოველთვის აკეთებდნენ ბნელეთის მოციქულები. ყველამ, ვინც უკვე გამოცხადდა და ვისაც ჯერ მალავენ, უნდა იცოდეს, რომ ჩვენც მათ გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვართ ამ სიის წევრები და თუ რეპრესიებს დაიწყებენ, ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ დაიწყებენ. ვფიქრობ, სადღაც მილიონამდე ადამიანია ამ სიის წევრი, რადგან 330 ათასი იყო და თუ გადავამრავლებთ ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე, გამოდის მილიონამდე. ჩვენ ამ სიებს იმ მაშტაბით, რაც მასშტაბითაც ჰქონდათ შედგენილი ნაცისტებს, მივაწვდით აშშ-ს საელჩოს, ყველა დიპლომატს, რომელიც ნოსტალგიურად არის განწყობილი „ნაციონალური მოძრაობისადმი“, – განაცხადა ხაინდრავამ.