გოგა ხაინდრავა -კლუბებში გართობა კლუბური ნარკოტიკის გარეშე არ არსებობს, საუბარი, თითქოს ვიღაცამ არ იცოდა, რომ იქ ნარკოტიკი იყიდებოდა, სიცრუე და ფარისევლობაა
გოგა ხაინდრავა -კლუბებში გართობა კლუბური ნარკოტიკის გარეშე არ არსებობს, საუბარი, თითქოს ვიღაცამ არ იცოდა, რომ იქ ნარკოტიკი იყიდებოდა, სიცრუე და ფარისევლობაა

ნარკომანიამ შეიძლება წალეკოს საქართველო, საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ნარკომომხმარებლების რაოდენობით არა მარტო რეგიონში, არამედ შეიძლება ევროპაშიც, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ბოლო მოვლენებმა გახსნა ის ჭაობი, რომელშიც საქართველო იმყოფება.

„შაბათი იყო “შავი”, როდესაც მარგინალურმა ჯგუფებმა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც წალეკეს საზოგადოებრივი აზრი და სივრცე. ერთი ითხოვდა აბსოლუტურ თავისუფლებას, მეორე კი იმ თავისუფლების აბსოლუტურად მოსპობას. იმ რაოდენობის პოლიცია, რამდენიც იყო გამოსული და იმ ტიპის მოქმედებაც, რაც ჩვენ ვიხილეთ, არსად მინახავს. ასეთი კორექტული პოლიცია არასოდეს, არსად მინახავს, რომელიც ცდილობდა, რომ არ დარღვეულიყო წესრიგი, ითმენდა შეურაცხყოფას, კანონდარღვევას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ბრძანებებს იღებს პოლიცია, რა განწყობაა იმ წრეებში, ვინც მართავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და რა გზავნილი არის მათგან საზოგადოებისადმი”, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ელექტრონული მუსიკის თანხლებით მსგავსი ტიპის კლუბებში გართობა კლუბური ნარკოტიკის გარეშე არ არსებობს, ამიტომ საუბარი იმაზე, თითქოს ვიღაცამ არ იცოდა, რომ იქ ნარკოტიკი იყიდებოდა, არის სრული სიცრუე და ფარისევლობა.

„კლუბური კულტურა კლუბური ნარკოტიკის გარეშე არ არსებობს. ეს არის დიდი ტყუილი, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ეს, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, პირველ რიგში კი იმ ადამიანებმა, რომლებიც მართავენ ამ ქვეყანას. რა ტიპის კანონმდებლობა და დამოკიდებულება იქნება ამ საკითხისადმი, არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს საკითხი ეხება ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს. უკონტროლო პრეპარატებს ახლა ნარკოტიკი დაარქვეს, მაგრამ იმას, რასაც კლუბებში ღებულობენ, არ არის ნარკოტიკული ნივთიერებები. ეს პრეპარატები არის სახიფათო ნივთიერებები. როგორც დავინახეთ, ამ ნივთიერებებს ლეტალური შედეგი მოაქვს. მისი გადაჭარბება არის სახიფათო, მაგრამ ეს არ არის ის პრეპარატები, რომელთანაც მიჩვევა ხდება, რაც ნარკოტიკებს ახასიათებს. მთავარი ხიფათი არის ის, რომ როდესაც ეს ყველაფერი არის უკონტროლო, მაშინ შემოდის უამრავი პრეპარატი, რომელიც არ კონტროლდება არანაირად და აგერ დავინახეთ შედეგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვერანაირი რეპრესიული ზომები ამას ვერაფერს უზამს. ჩვენ, ცალკე აღებული ქვეყანა ვერ მოსპობს ამ კულტურას. რაც მთავარია, ეს ვერ გააკეთა ისეთმა ძლიერმა ქვეყნებმა, როგორებიც არის აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი. ამას უნდა გონიერი მიდგომა, უნდა დავამთავროთ პოპულიზმი და ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები იმ ბნელი ძალებისგან, რომლებიც ცდილობენ ამ შესაძლებლობების გამოყენებას, პირველ რიგში, გასამდიდრებლად, ამიტომ უამრავ საწამლავს უშვებენ ამა თუ იმ გზით იქ, სადაც ეს თავყრილობებია“, – განაცხადა ხაინდრავამ.