გოგა ხაინდრავა - ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილის მთავრობა ადასტურებს, რომ ჩვენ გავხსენით ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით
გოგა ხაინდრავა - ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილის მთავრობა ადასტურებს, რომ ჩვენ გავხსენით ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ წევრები აწერენ ხელს, აღნიშნულია, რომ 7 აგვისტოს ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა.

„ხელთ მაქვს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიღებული დოკუმენტი –  რეზოლუცია N1633, რომელსაც ხელს აწერენ გიგა ბოკერია, პეტრე ცისკარიშვილი, ელენე თევდორაძე, ლევან ბერძენიშვილი. დოკუმენტის მეხუთე მუხლში ვკითხულობთ: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც ხელს აწერს ბოკერია და რომელიც ადასტურებს იმას, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს. მეოთხე, მეექვსე მუხლიც არის, სადაც ეს ყველაფერი აღწერილია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა იმაზე ნაკლები თქვა, რაც ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტში წერია.

„სახელმწიფო მინისტრი ვიყავი ორი წელი და რვა თვე. ცუდად რომ გავიცინებდი, იმასაც კი აფიქსირებდნენ ევროდამკვირვებლები, რომლებიც მაშინ რეგიონში იყვნენ და, რომლებიც სააკაშვილის ნამოქმედარის გამო გამოყარეს იქიდან. მაშინ, მთელი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სადამკვირვებლო მისია და უფლება ჰქონდათ, ყველაფერი დაეწერათ,  ყველაფერს გადასცემდნენ თავის შტაბბინას. ეს შტაბბინაა ზუსტად, რომელიც შემდეგ ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ვენაშიც და ყველგან საბუთებს დებდა. იქ წერია, რა მოხდა სინამდვილეში. სალომემ, მე და ჟიჟილაშვილმა რა ვილაპარაკეთ, ის კი არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ოფიციალური დოკუმენტები და აი, ერთ-ერთი საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ოფიციალური, დადასტურებული „ნაციონალური მოძრაობის“, ბოკერიას მიერ, რომ ეს ასე იყო. ეს თქვა სალომემ და მაგაზე ბევრად ნაკლები თქვა, ვიდრე აქ წერია.

ამიტომ, ამ სიცრუეში ნუ მონაწილეობთ, სირცხვილია, შვილები გყავთ და პასუხისმგებლობა გაქვთ ამ ერისა და ხალხის წინაშე, ნუ შეგყავთ მედიას შეცდომაში ქართული საზოგადოება და იმ ტელევიზიების სამარცხვინოდ მინდა ვთქვა, სალომე მოღალატეას რომ წერთ, არ გრცხვენიათ?“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, მედიამ მასალების მომზადებისას მეტად ღრმად უნდა ჩაიხედოს მაშინდელ მოვლენებში.

„კამპანია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს, ძალიან ჰგავს მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1933 წელს გერმანიაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში ნაცისტები მოვიდნენ, როდესაც დაიწყო დევნა, ცილისწამება იმ ადამიანების, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მათ მოსაზრებებს. ეს არის ფაშისტური კამპანია, რომელსაც სათავეში უდგანან რუსული ძალები“, – აცხადებს ხაინდრავა.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის N1633-ე რეზოლუციის დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – assembly.coe.int, ხოლო ქართული თარგმანი ბმულზე abkhaziajustice.gov.ge.