გოგა ხაინდრავა - ეკა გიგაურისა და გიორგი ონიანის ცილისწამება იმ მოსმენებს, დასმენებს ეფუძნება, რასაც მიჩვეულია „ნაციონალური მოძრაობა“
გოგა ხაინდრავა - ეკა გიგაურისა და გიორგი ონიანის ცილისწამება იმ მოსმენებს, დასმენებს ეფუძნება, რასაც მიჩვეულია „ნაციონალური მოძრაობა“

ეკა გიგაურისა და გიორგი ონიანის ცილისწამება იმ მოსმენებს, დასმენებს ეფუძნება, რასაც მიჩვეულია „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა დანიაში, ანტიკორუფციულ კონფერენციაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანისა და  იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ხაინდრავას თქმით, არასამთავრობოები გიგაურის ხელმძღვანელობით ემსახურებიან გავლენების სფეროს შექმნას საქართველოში და ამაში მილიონობით დოლარს იღებენ.

„ეკა გიგაურთან არანაირი საქმე არ მქონია და არც მინდოდა, რომ მქონოდა. მაგან მიჩივლა სამი წლის წინ და იმის მერე ემალება სასამართლოს, რადგან მე წარვადგინე შსს-ს არქივიდან ამოღებული აბსოლუტურად ამომწურავი საბუთები, სადაც ვანო მერაბიშვილი ავალებს ბიწაძეს, ბიწაძე ავალებს გიგაურს, გიგაური 14 ნოემბერს გასცემს 187 სპეცრაზმელზე პრემიას, 1 500-1 800 ლარს იმაში, რომ მათ დაარბიეს ქართული საზოგადოება 7 ნოემბერს. ეს დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია.

მეორე ფაქტი, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული – 21 ნოემბერს, ორი კვირის თავზე ეკა გიგაური ვანო მერაბიშვილისგან იღებს რიგგარეშე წოდებას ჯილდოს სახით. დავანებოთ ყველაფერს თავი და დავუშვათ, ვიტყუები – ნამუსი გაქვს, რომ 7 ნოემბრის შემხედვარე, რაც შენს ქვეყანაში ჩაიდინა ამ ჯალათმა, იმის ხელიდან რომ ჯილდოს იღებ, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. დავანებოთ თავი იმას, რომ თვითონ მონაწილეობდა, თვითონ გადასცა პრემია.

არასამთავრობო ორგანიზაციები არიან სექტა, ეს არ არიან არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი ლიდერი არის გიგაური, რომელიც იქ მოხვდა ვანო მერაბიშვილის ხელდასმით და უმრავლესობა, ვინც ამ სექტაში არიან, ხან „შენ არ გეხებას“ ირქმევენ, ხან – რას და არის „ნაციონალების“ ხელდასმული. რომ გაუჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სფეროში, მათი სატელიტები პირდაპირ უერთდებიან პოლიტიკურ ორგანიზაციებს და განცხადებებს აკეთებენ.

რას ეფუძნება გიგაურისა და ონიანის ცილისწამება – იმ მოსმენებს, დასმენებს, რასაც მიჩვეულია „ნაციონალური მოძრაობა“ და რასაც ვუყურებთ ტელევიზორში. რომელიმე მათგანი ელიტური კორუფციის ან სახელმწიფო კორუფციის ფაქტს ადასტურებს? რას ეყრდნობა, როცა ონიანი ამას აცხადებს, ცილისწამებაა – მაგაში უხდიან ფულს. ესენი ემსახურებიან გავლენების სფეროს შექმნას საქართველოში და ამაში მილიონობით დოლარს იღებენ, ეს პირველად არ მითქვამს“, – განაცხადა გოგა ხაინდარავამ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დოკუმენტებით ხელში აცხადებდნენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტიის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში. მინისტრის თქმით, ეს საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოში განიხილება, სადაც ეკა გიგაური დღემდე არ გამოცხადებულა პასუხების გასაცემად. წულუკიანმა ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. „მმართველ პარტიაში ჩვენ პოლიტიკურად მიკერძოებულებს გვიწოდებს, ასევე კეთდება უფრო უკიდურესი შეფასებებიც და ჩვენ ფაშისტებსაც კი გვიწოდებენ. შესაბამისად, მე მინდა გთხოვოთ, კარგად გააცნობიეროთ და ყურადღებით მიეპყროთ საქართველოში არსებული ვითარებას“, – განაცხადა გიორგი ონიანმა.