გოგა ხაინდრავა - დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სასირცხვილო
გოგა ხაინდრავა - დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სასირცხვილო

დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სასირცხვილო, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა აგვისტოს ომის 12 წლისთავს.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩაიდინეს ღალატი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე.

„დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სასირცხვილო დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ტრაგიკული, რადგან დღეს დაიწყო რუსეთის გაუგონარი აგრესია. სირცხვილი, რადგან მაშინდელმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩაიდინეს ღალატი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. დამოკიდებულება რუსული აგრესიისადმი არის ცალსახა და არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო სამხედრო აგრესია და მეზობელი ქვეყნის მიერ შედეგი – უცხო ქვეყნის ოკუპაცია. რაც შეეხება ღალატს, პირველი – სააკაშვილის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უკანონოდ მიუერთა ცხინვალის რეგიონს ახალგორის რაიონი, რომელიც არასოდეს შედიოდა იმ ავადსახსენებელ სამხრეთ ოსეთის ოლქშიც კი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტ გამსახურდიას დროს უზენაესმა საბჭომ გააუქმა. ეს იყო ახალი საზღვრის დაწესება/დაკანონება. ზუსტად იმ საზღვარს მიყვება ის ბორდერიზაცია, რომლის წინააღმდეგ გამოდიან დღეს ეს შარვალჩახდილი პატრიოტები. ახლაც არის ჩასული „ნაციონალური მოძრაობა“ ერგნეთში და აცხადებენ, რომ მათ ცხინვალი არ დუბომბავთ. ყველაზე დიდი ღალატი, უპირველესად, ამ ახალი საზღვრის გავლება იყო, რამაც მისცა საშუალება დღეს რუსულ იმპერიალიზმს. მეორე – ალბათ კარგად უნდა ახსოვდეს ქართულ საზოგადოებას, რომ ამ ტერიტორიაზე, მას მერე, რაც ეს პირველი ქმედება იყო ჩადენილი, ჩაატარეს არჩევნები აბსოლუტურად უკანონოდ. მოსახლეობა, რომელმაც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, კანონგარეშე დააყენეს და მაშინ აირჩიეს დიმიტრი სანაკოევი. ესეც უკანონობა და ღალატი იყო. შედეგად ეს მივიღეთ და ამის დამადასტურებელი საბუთები ძალიან ბევრი არსებობს. მე მაქვს გადაღებული ფილმი „დემოკრატიის შუქურა“,  სადაც არის ასეთი კადრი – მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის საპირისპიროდ, ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. ორი საჯარო გამოსვლიდან, ერთი უშიშროების საბჭოს სხდომიდან, ხოლო მეორე – მისი ოთახიდან. არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები რუსული აგრესია და რუსული ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ის, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ აგრესიის ჩასატარებლად, იყო აბსოლუტურად ცხადი, რადგან როკის გვირაბთან იდგა რუსეთის არმიის 58-ე  არმადა, დაქოქილი ტანკებით, და ელოდებოდნენ ნიშანს, რომელსაც მისცემდა სააკაშვილი და მისი ბიძა – ალასანია.

„დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე, სახელმწიფო ღალატისთვის იქნებიან გასამართლებულნი და ამის დასადასტურებლად უამრავი საბუთი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს დრო მოვა. თუ ამას არ გააკეთებს ამჟამინდელი ხელისუფლება, გააკეთებს სხვა ხელისუფლება. ეს იქნება ერთ-ერთი საბაბი, რის გამოც არსებული ხელისუფლება შეიცვლება, თუ ამას არ გააკეთებს. ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი. უნდა ითქვას სიმართლე. მხოლოდ ამ სიმართლის შემდეგ შეძლებს საქართველო თავისი უფლებების აღდგენას მსოფლიო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში. რაც შეეხება ლოზუნგს – „ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბავს“, ეს არის ტყუილი, რადგან ცხინვალის მიმართულების ცეცხლი გაიხსნა დილის 4 საათზე გრადებიდან. ეს კადრები არის დაფიქსირებული. ამას აფიქსირებდა ევროპის სადამკვირვებლო მისიის არაერთი წარმომადგენელი წუთებში, წამებში. გასროლების რაოდენობა – ეს ყველაფერი არის დასაბუთებული და ინახება იმ სასამართლოებში, სადაც მიდის პროცესი რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაინდრავამ.