გოგა ხაინდრავა - დღემდე ვფიქრობ, რომ 9 აპრილის ღამეს უწმინდესისთვის უნდა დაგვეჯერებინა
გოგა ხაინდრავა - დღემდე ვფიქრობ, რომ 9 აპრილის ღამეს უწმინდესისთვის უნდა დაგვეჯერებინა

დღემდე ასე ვფიქრობ, რომ იქ უწმინდესისთვის უნდა დაგვეჯერებინა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მით უმეტეს, მას არ უთქვამს დავიშალოთო. მან თქვა, წმინდა გიორგის ტაძარში, ქაშვეთში გადავიდეთ და ღმერთს გადარჩენისთვის მადლობა ვუთხრათო. იქ წასვლაც არ იყო საჭირო. მხოლოდ ეკლესიისკენ შემობრუნება იყო საჭირო. ხომ წარმოგიდგენიათ, იქ პატრიარქს რომ ლოცვა დაეწყო?! სასულიერო პირები ბევრი იყვნენ, ეპისკოპოსები ბრძანდებოდნენ, სხვა მღვდლები და იქ ისეთი მისტიკა იქნებოდა, ტანკები გზაში დადნებოდნენ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, 9 აპრილს არსებობდა ამოცანა, რომ ჭყლეტვის ეფექტი შეექმნათ და მერე ეთქვათ, ერთმანეთი გადათელესო.

„ეს არ გამოუვიდათ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პირველ სკოლასა და მთავრობის სასახლეს შორის იმათ უკან რომ დაახევინეს, იმიტომ, რომ იქიდან ძალიან ბევრი ხალხი წამოვიდა. იქ ბუჩქები იყო ადრე, გამოსასვლელი და იქიდან ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, თორემ მსხვერპლი უეჭველი ბევრად მეტი იქნებოდა და მათი ჩანაფიქრიც ასეთი იყო. მე ამ გამოსასავლელზე ვიდექი, ზუსტად პირველი სკოლის კუთხეში, ამაღლებულ ადგილზე, კარგად რომ გამოჩენილიყო, რა ხდებოდა“, – განაცხადა ხაინდრავამ. 

როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა, ვინც მაშინ რუსთაველზე იდგა, ყველამ იცოდა, რა ხდებოდა, მაგრამ ფეხი არავის მოუცვლია.

„ყველამ იცოდა. გავფრთხილებულიც გვყავდა. იქ მივედით, გადაღებულიც გვქონდა ყველაფერი. თავისუფლების მოედანზე მძიმე ტექნიკა უკვე დაქოქილი იყო, პატრიარქი რომ მობრძანდა და გარშემო ქუჩები, შიდა, თუ გარე პერიმეტრი გადაჭედილი იყო სამხედროებით. იქ ვინც იდგა, ყველამ იცოდა, რა ელოდებოდა, მაგრამ ფეხი არავის გაუდგამს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კინორეჟისორმა ასევე აღნიშნა, რომ 30 წლის წინ რუსთაველის გამზირზე, ყველა თავისი სამშობლოს, საკუთარი თავის, ოჯახისა და მრწამსის გამო იდგა და არა ვინმეს გამო.

„ეს ცალსახად ასე იყო და ეს საოცარი განცდა იყო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.