გოგა ხაინდრავა - დავით გარეჯთან დაკავშირებით საქმე ეხება ღალატს და ყველა, ვინც ამაში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობს, ხდება თანამონაწილე
გოგა ხაინდრავა - დავით გარეჯთან დაკავშირებით საქმე ეხება ღალატს და ყველა, ვინც ამაში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობს, ხდება თანამონაწილე

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საქმე ეხება ღალატს და ყველა, ვინც ამაში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობს, ხდება თანამონაწილე.

„მე დავით გარეჯზე ორი ფილმის ავტორი ვარ. კიდევ ორ ფილმზე მაქვს ნამუშევარი. მე იქ 80-იანი წლებიდან დავდიოდი, თვეობით მიცხოვრია. საქართველოსადმი დავით გარეჯის კუთვნილება იმ დროიდან მოყოლებული კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა. ეს რომ ყოფილიყო აზერბაიჯანის ტერიტორია, აუცილებლად გამომიწერდნენ მივლინებას. მართალია, საბჭოთა კავშირი ერთიანი იყო, მაგრამ როცა მიდიოდი სხვა რესპუბლიკაში, მივლინებას გიწერდნენ. არანაირი მივლინება არ ყოფილა. ერთადერთი, ვისთანაც გვქონდა ურთიერთობები, იყო მუზეუმის დირექტორი, ასევე, ქართული გამგეობა თუ რაიკომი. არანაირი პრეტენზია, არც ესიზმრებოდათ აზერბაიჯანელებს. ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, რურუას, კალანდაძის დანაშაულებრივი მოქმედების გამო. ვფიქრობ, კომისიის ყველა წევრი, არა მარტო ის ორი ადამიანი, ვინც დღეს საპატიმროშია, პასუხისმგებელია იმის გამო, რა სურათიც არის დღეს. ეს აბსოლუტური დემაგოგიაა, რომელსაც ვისმენთ, „კარტოგრაფების საქმე“ ყოფილა. არანაირი „კარტოგრაფების საქმე“ ეს არ ყოფილა. ძალიან კარგად მახსოვს 1996 წელი, მაღალი თანამდებობის პირი ვიყავი და ხელი მიმიწვდებოდა ბევრ ინფორმაციაზე. 1996 წელს დემარკაციის კომისია როცა შედგა, ამ საქმით ძალიან დაინტერესებული ვიყავი, რადგან როგორც ყველა ქართველის გულში, ჩემს გულშიც არის დავით გარეჯი და იქნება ყოველთვის, ნათელი იყო ყველაფერი. არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით დავით გარეჯი ვის ეკუთვნის არ იდგა. უბრალოდ, მიდიოდა მუშაობა მთელ დანარჩენ პერიმეტრზე და რუკები, რომლებიც მაშინ იყო გამოყენებული, იმ რუკებზეა ლაპარაკი. ზუსტად მაგაშია საქმე, რომ დღეს კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ რატო შეიცვალა ეს. რამ განაპირობა? ორი მეისრე ამას ვერ გადაწყვეტდა, თუმცა, უშუალოდ ამასთან კავშირში იყვნენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება კულტურის მინისტრ რურუას, გოგა გაბაშვილს, კალანდაძეს, ბოკერიას, ყველას ვინც აცხადებდა ცალსახად, რომ დავით გარეჯი არის აზერბაიჯანის ტერიტორია.

„სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც გამუდმებით თვითაღიარების ავტორი ხდება. მან პირდაპირ ახსნა ორი კვირის წინ მთელი პროცესი, რაც მოხდა, დაასახელა შუამავალი. ძიება იქამდე არ მისულა. სააკაშვილმა თქვა – ახლა გაჩნდება ჩვენი მოლაპარაკებების ჩანაწერებიო, ეს ყველაფერი სამარცხვინოა. საქმე ეხება დავით გარეჯს, ამ ტერიტორიის გაყიდვის მცდელობას, ეს არის ღალატი და ყველა, ვინც ამაში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობს, თანამონაწილე ხდება. ეს არჩევნები გადაივლის, გარეჯი 14 საუკუნეა საქართველოსია. არჩევნები ორ კვირაში გადაივლის და საუკუნის მერე არც ემახსოვრება არავის, 20 წლის მერეც კი არ ემახსოვრებათ, ვინ მონაწილეობდა და რას წარმოადგენდნენ. მთელი უბედურებაა, რომ არ გვყავს ოპონენტები. პრობლემა ამაშია, რომ „ქართული ოცნება“ არის მარტო. მინდა მივმართო მათ, ეშმაკს ხმას ნუ მისცემთ. არ მოგწონთ „ქართული ოცნება“? ნუ მისცემთ ხმას. გამოჩნდნენ ახალგაზრდები და პოლიტიკური ორგანიზაციები ჩამოაყალიბეს, ღმერთმა ქნას, ისინი ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. ეს 30-წლიანი დახავსებული, დაჭაობებული ვითომ პოლიტიკოსები, ყველაზე ნათელი სურათი იყო შალიკოს ფანჩატურში. აი, ჰერბარიუმი, სუფთა ქვეწარმავლები. ვერ იტანდნენ ვერც ერთმანეთს და მე ეს დანამდვილებით ვიცი, რაღაც ერთობაზე იტყუებოდნენ. ეს უნდა დავამთავროთ, ახალი თაობა უნდა მოვიდეს. უნდა მოვიდნენ ადამიანები, ვინც 21-ე საუკუნის შვილები არიან და არა მეცხარამეტე და მეოცეს. რაღა დროს შალიკოა. ვფიქრობ, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. ორი კვირა დარჩა. რთული პერიოდია. ეს ვირუსი ბოგინებს, როგორც შიდა ვირუსი, ისე გარე ვირუსი. უნდა ავაცილოთ ეს საფრთხე ყველას და დავამარცხოთ ეს ვირუსი. ეს ადამიანები უნდა მოვაცილოთ პოლიტიკურ ასპარეზს. მათი ყოფნა არის სახიფათო ქვეყნისთვის და საზიანო. არჩევნების მერე იქნება მცდელობები, გაყალბდა და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი არ იქნება სერიოზული. სირთულე არის ორი – პანდემია და საერთაშორისო ვითარება ჩვენ გარშემო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.