გოგა ხაინდრავა - დანაშაული, რომელიც ეკა გიგაურმა ჩაიდინა, მორალს სცილდება 
გოგა ხაინდრავა - დანაშაული, რომელიც ეკა გიგაურმა ჩაიდინა, მორალს სცილდება 

სააპელაციო სასამართლო გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის სარჩელის სარეზოლუციო ნაწილს 30 დეკემბერს გამოაცხადებს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს თავიანთი პოზიციები წარუდგინეს.

როგორც რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ეკა გიგაურმა დააჯილდოვა ის კაციჭამიები, ვინც 7 ნოემბერს ქართველი ხალხის ნება სისხლში ჩაახშო.

„ცდილობენ, ამ ქვეყანაში სიცრუითა და ცილისწამებით მორალი მოსპონ. ამაში კი უამრავ ფულს იღებენ ზუსტად იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ცდილობენ მორალის მოსპობას საქართველოში. რაც სხდომაზე მოვისმინეთ, არის უსინდისო სიცრუე. იჯდა ახალგაზრდა გოგო და ცრუობდა. ეს ბრძანებები არსებობს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ გიგაურმა და მისმა კუდებმა, მან დააჯილდოვა ის კაციჭამიები, ვინც სისხლში ჩაახჩო ქართველი ხალხის ნება 7 ნოემბერს და ამაში ვანო მერაბიშვილისგან მიიღო რიგგარეშე წოდება. გიგაურო, რამდენიც არ უნდა დაგიცვან თქვენმა ადვოკატებმა, ეს ასე იყო, არის და დარჩება სამუდამო ლაქად თქვენს ბიოგრაფიაში. იმის თავი არ აქვს, რომ სხდომას დაესწროს. სადაც მე ვარ, არსად არასდროს გამოჩენილა, არც ტელევიზიაში და არც სხვაგან. რადგან იცის, რომ დამნაშავეა. ჩემი აზრით, მორალს სცილდება ის დანაშაული, რომელიც მაშინ ჩაიდინა, როდესაც აჯილდოებდა კაციჭამიებს, იმიტომ, რომ საკუთარი ძმები, ბიძაშვილები და მამები უდანაშაულოდ სისხლში ჩაახშვეს. ეს დანაშაული მორალურ დანაშაულს სცილდება, ისევე როგორც ბიწაძის, მერაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული, რომლის „გაპრავებას” ცდილობენ ეს ბნელი ძალები. ვერ „გაპრავდებიან” ვერასდროს, ეგენი არიან ბარბაროსები და გუშინდელი ფაქტი პარლამენტში ამის ყველაზე კარგი დამადასტურებელი საბუთია. ეგენი მოწამლავენ ქვეყანას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, 260 სპეცრაზმელის დაჯილდოების ყველა ბრძანებაზე ეკა გიგაურის ხელმოწერაა.

„თეთრზე შავიაო, მარტო გიგაური და მისი ადვოკატი ამბობენ. ბრძანებები საქმეში დევს, ე.ი. სიცრუეს დაადგენენ, ვერ დაადგენენ ამას. გიგაური არ უარყოფს, რომ დააჯილდოვა. სარჩელი, რომელიც შეტანილია, არასწორია, მე არ მითქვამს, რომ მას 7 ნოემბერს აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგდენი ჭკუა მაქვს, რომ ვიცოდე, რა ვთქვა და როგორ ვთქვა. მე არავისთვის ცილი არ დამიწამებია, რაღა გიგაურს ამოვირჩევდი, მშვენივრად იცის, რისთვის მიიღო კაპიტნის რიგგარეშე წოდება. რა უნდა უარვყო? თეთრზე შავს როგორ ვიტყვი? გიგაური კი არ ვარ,“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად. ეკა გიგაურმა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.