გოგა ჩანადირი და მირიან ხოსიტაშვილი საზოგადოებას მოუწოდებენ, 14 იანვარს აივნებზე საქართველოს დროშა გამოფინონ
გოგა ჩანადირი და მირიან ხოსიტაშვილი საზოგადოებას მოუწოდებენ, 14 იანვარს აივნებზე საქართველოს დროშა გამოფინონ

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ერონული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი საზოგადოებას, სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, აივნებზე ეროვნული სიმბოლიკის პატივსაცემად დროშები ააფრიალონ.

მათი განაცხადებით, საქართველოს დროშის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დროშა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლიკაა და თვლიან, რომ ეს დღე უფრო მასშტაბურად უნდა აღინიშნებოდეს.

„14 იანვარი არის საქართველოს ეროვნული დროშის დღე, რომელსაც 2012 წლიდან აღვნიშნავთ, თუმცა ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის იანვარში დაამტკიცა პარლამენტმა. ჩვენ გვინდა, რომ დროშის დღის აღნიშვნა გავაგრძელოთ, თუმცა არ გვინდა, ეს აღნიშვნა იყოს ჩუმი. პირიქით, მოვუწოდებ ყველა დაწესებულებას, აივნებზე ფრიალებდეს საქართველოს ეროვნული დროშა. იმ ქვეყანაში, სადაც დროშას უფრთხილდებიან, დროშას პატივს სცემენ, ეროვნული დროშის დღე უფრო ფართოდ, აქტიურად უნდა აღინიშნებოდეს და უფრო მეტად უნდა ჩანდეს ყველგან. დროშას ყველა ადამიანი უნდა გრძნობდეს და აფასებდეს. მინდა, თითოეული ადამიანის აივნიდან გადმოიფინოს დროშა და იფრიალოს“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის განცხადებით, ეროვნული დროშის დღის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუკი ეთნიკური თვითშეგნება გაგვაჩნია, ესაა ეროვნული დროშის პატივისცემა.

„ჩვენ გვინახავს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივ მოქალაქეებს როგორ აქვთ საკუთარი აივნიდან გადმოფენილი ეროვნული დროშა. ესაა პატივისცემა ქვეყნისა და სახელმწიფოს მიმართ, სადაც ისინი ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეროვნული ვალდებულებაა, თითოეულმა ჩვენგანმა პატივი ვცეთ ქართულ დროშას. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უერთდება ამ აქციას დიდი გულშემატკივრობით, ჩვენთან დიდი ხანია, ეროვნულ ბიბლიოთეკაზე გადმოფენილია ეროვნული დროშა. ვალდებულებად ვთვლით თავს, გამოვფინოთ დროშა. ყველა საჯარო ბიბლიოთეკას მოვუწოდებთ, გადმოფინონ დროშები”, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.