გოგა ბითაძის სარეკორდო მატჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძემ NBA-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა „ორლანდომ“ 115:110 დაამარცხა „ფინიქსი“. ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

ბითაძე „ორლანდოს“ კიდევ ერთ ცენტრალურ თავდამსხმელთან, ვენდელ კარტერთან ერთად სასტარტო ხუთეულში იყო და მთლიანობაში მასზე 10-ით მეტი, 31 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 14-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 21 ქულასთან ერთად ბითაძემ 16 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

ბითაძისთვის ეს მატჩი ორმაგად გამორჩეული იყო, რადგან ქულებში მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი (21) დაამყარა, ხოლო მოხსნებში სულაც კარიერის რეკორდი (16) დააფიქსირა. რაც შეეხება 4 შედეგიან გადაცემას, გოგამ მიმდინარე სეზონში ეს შედეგი მეორედ აჩვენა.

ბითაძეზე მეტი ქულა „ორლანდოში“ მხოლოდ ჯალენ საგსმა ჩააგდო, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა დაგროვდა. „ფინიქსის“ ძირითადმა ცენტრმა, გამოცდილმა მაისონ პლამლიმ შეხვედრა 7 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა.

ორლანდოს 17 მოგება და 9 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 11 დეკემბერს მილუოკიში „ბაქსთან“ გამართავს.