გოგა ბითაძის პირადი რეკორდი და „ორლანდოს“ გამარჯვება „კლივლენდთან“ [ვიდეო] #1TVSPORT 

გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა. „ორლანდო მეჯიქის“ ძირითადმა ცენტრმა კლივლენდთან 104:94 მოგებულ მატჩში 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი ისე მიითვალა, რომ მოედანზე ყოფნის 29 წუთის მანძილზე ბურთი არ დაუკარგავს. 

ბითაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და ორლანდიელთა მორიგ გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო. გოგამ მისთვის ზედიზედ მეთვრამეტედ ითამაშა სასტარტო ხუთეულში და გუნდის სამწვრთნელო შტაბს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ სწორედ ის იმსახურებს ძირითადში ადგილს და არა ვენდელ კარტერი, რომლის ტრავმის გამოც მიეცა ქართველ ცენტრს თავის გამოჩენის შანსი.

ბითაძემ 8 ორქულიანიდან 6 ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 გამოიყენა. ქულების მხრივ „ორლანდოში“ საუკეთესო იყო პაოლო ბანკერო, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბურთი 8-ჯერ დაკარგა. „კლივლენდის“ ძირითადმა ცენტრმა, ჯარენ ალენმა 4 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.

16 მოგებითა და 7 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს „მილუოკისთან“ იყოფს. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 15 დეკემბერს, ბოსტონში გამართავს.