გოგა ბითაძის მორიგი ეფექტური მატჩი და „ორლანდოს“ გამარჯვება ტორონტოსთან [ვიდეო] #1TVSPORT

„ორლანდო მეჯიქის“ წარმატებული სვლა გრძელდება. ამ გუნდის მოგებათა ოთხმატჩიანი სერიის ყველა შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე გახლდათ. 3 გასვლითი მოგების შემდეგ „მეჯიქი“ ფლორიდაში დაბრუნდა და „ტორონტო რეპტორსს“ უმასპინძლა. ორლანდოელებმა მეტოქე 124:107 დაამარცხეს, რაშიც ქართველი ცენტრის წილი სოლიდურია.

ბითაძეს 5 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია, თუმცა ისეთი დახუნძლული იყო სტატისტიკით, თავის გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა, პასი და დაფარება მიითვალა. გოგას 5 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ეს ყველაფერი გოგამ მოედანზე ყოფნის 30 წუთში მოახერხა და თან ისე, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ბითაძეზე მეტი, ისიც არასრული 1 წუთით პაოლო ბანკერომ და ფრანც ვაგნერმა ითამაშეს. ქართველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბომბარდირი კი ბანკერო გახდა 25 ქულით.

ორლანდოს 9 მოგება და 5 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში საპატიო მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს NBA-ის მოქმედ ჩემპიონთან, „დენვერთან“ ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას გამართავს.