გოგა ბითაძის მე-15 ორმაგი დუბლი NBA-ში - „ორლანდომ“ „ჩიკაგო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საინტერესო რამ მოხდა „ორლანდო მეჯიქის“ როტაციაში. ტრავმით გამოწვეული სამკვირიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ძირითადი ცენტრი ვენდელ კარტერი, რომელმაც ჩვეულად სასტარტოში ითამაშა, თუმცა ისე, რომ ხუთეულიდან არ ამოუგდია გოგა ბითაძე. „ჩიკაგო ბულსთან“ ქართველმა ცენტრმა 25 წუთი ითამაშა, ამერიკელმა კი – 18. გოგა გაცილებით შედეგიანი იყო, რაც სტატისტიკაშიც გამოიხატა.

ორლანდოელებმა ბოლო 11 მატჩიდან მე-10 შეხვედრა მოიგეს და ყველა მატჩში სასტარტოში ბითაძე იყო. გუნდი 11 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.

ბითაძე „ჩიკაგოსთან“ 133:119 მოგებულ მატჩში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო. გოგამ 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 25 წუთში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მას ყველაზე მაღალი პლუს-მაჩვენებელი ჰქონდა ორლანდოელთაგან: როდესაც ქართველი ცენტრი მოედანზე იმყოფებოდა, „მეჯიქმა“ (+21) აჯობა ჩიკაგოს.

11 ქულა, 11 მოხსნა – ეს ბითაძისთვის NBA-ში გადასვლის შემდეგ მე-15 ორმაგი დუბლია.

ვენდელ კარტერმა 18 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, საუკეთესო შედეგი კი ჯალენ საგსს ჰქონდა – 31 ქულა, 7 პასი.

***

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „ლეიკერსს“ უმასპინძლა და 101:119 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო, 4 წუთში 3 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო.