გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში მეათე დუბლი შეასრულა - „ორლანდომ“ „მაიამი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში მე-10 ორმაგი დუბლი შეასრულა და „მეჯიქს“ ფლორიდული დერბის მოგებაში დაეხმარა. ზედიზედ 3 წაგების შემდეგ „ორლანდომ“ მოახერხა ნავსის გატეხვა და „მაიამის“ საშინაო შეხვედრაში 121:114 სძლია.
გოგას გუნდმა პირველი პერიოდიც წააგო, მეორეც და მესამეც. ბოლო მეოთხედის წინ 22 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა დასკვნითი პერიოდის 37:8 მოგებით საამაყო გამარჯვება მოიპოვა. „ორლანდო“ 25 ქულითაც აგებდა და ასეთი ჩამორჩენის შემდეგ მოგებით ისტორიული შედეგი გაიმეორა. აქამდე „მეჯიქს“ სწორედ 25-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა გაბათილებული. ეს 1989 წლის 8 ნოემბერს, „კლივლენდ კავალიესთან“ მატჩში შეძლო. ისტორია დღეს, ქართველი ცენტრის თანამონაწილეობით გამეორდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გოგა მოედანზე იყო ბოლო პერიოდის უმეტეს დროს. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი 6 ქულა (3 ორქულიანი) შეხვედრის ბოლო 4 წუთში. ბითაძემ ჯერ სირენამდე 3:59 წუთით ადრე ჩააგდო და „ორლანდო“ 106:109 მიაახლოვა „მაიამისთან“. შემდეგ სირენამდე 1:35-ით ადრე და თავისი გუნდი 112:100 დააწინაურა. ბოლო ბურთი კი ქართველმა ცენტრმა მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე მიითვალა, ანგარიში 117:112 გახადა და „მეჯიქს“ გამარჯვება გაუნაღდა.
ბითაძე იყო ერთადერთი მოთამაშე მოედანზე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც თამაშიდან ბურთი არ აუცილებია. მან 8-დან 8 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო: 18 ქულა, 13 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი. ბითაძემ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
„ორლანდოში“ 35 ქულითა და 9 პასით კოულ ენტონი გამოირჩა, კენტავიუს პოუპმა კი 24 ქულა დააგროვა. „მაიამიში“ 23-23 ქულა ჰქონდათ ადებაიოსა და ტერი როზიეს.
18 მოგებით და 12 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. „მეჯიქს“ „ნიუ იორკმა“ გადაასწრო, რომელსაც 18 მოგება და 10 მარცხი აქვს. მორიგ მატჩს „ორლანდო“ 24 დეკემბერს, შინ „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართავს.