გოგა ბითაძე - ვეცდები, ამ წელს გულშემატკივარს საუკეთესო თამაში ვუჩვენო #1TVSPORT
გოგა ბითაძე - ვეცდები, ამ წელს გულშემატკივარს საუკეთესო თამაში ვუჩვენო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსთან“ ერთად საგამოფენო მატჩებს მართავს. ბოლო შეხვედრაში მისმა გუნდმა „ნიუ იორკი“ დაამარცხა. გოგამ 8 წუთში 8 ქულა, 2 დაფარება და თითო მოხსნა-პასი მოაგროვა.

გოგამ წინასასეზონო შეხვედრებზე ამერიკულ მედიასთან ისაუბრა:

„ბოლო შეხვედრა, „ნიუ იორკთან“ გვქონდა. დაცვაში კარგად ვითამაშე. როდესაც ჩემი დრო მოვიდა და მოედანზე შევედი, ვეცადე გუნდისთვის მაქსიმუმი გამეკეთებინა. გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ახალგაზრდებს ბენედიქტ მათურინს (27 ქულა) და ენდრიუ ნემბჰარდს (15 ქულა)“.

„ინდიანა“ NBA-ის ახალ სეზონს 20 ოქტომბერს „ვაშინგტონთან“ მატჩით გახსნის.

„რეგულარული ჩემპიონატისთვის კარგად ვემზადებით. ბევრს ვმუშაობთ. გვინდა გულშემატკივარს იმედები გავუმართლოთ, ვიყოთ სუპერ-აგრესიულები. არა აქვს მნიშვნელობა, საგამოფენო მატჩი იქნება თუ რეგულარულის, გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯება“.

ბითაძემ ამერიკელ ჟურნალისტებთან ევრობასკეტზეც ილაპარაკა:

„ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩში კოჭი დავიზიანე. ფეხი მაწუხებდა, თუმცა ვცდილობდი გუნდის დახმარებას. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად ვმუშაობ, ამერიკაში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ვემზადები ახალი სეზონისთვის. კარგ ფორმაში ვარ და ძალიან მინდა, ამ წელს გულშემატკივარს საუკეთესო თამაში ვუჩვენო“.