გოგა ბითაძე – მგონია, რომ NBA-ში ტოპ-5 გუნდში ვიქნებით დაცვის მიხედვით #1TVSPORT

15:35, 05.10.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა გოგა ბითაძემ ახალი სეზონისთვის მზადება „ორლანდო მეჯიქთან“ ერთად დაიწყო.

ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ორლანდოელმა ჟურნალისტებმა გოგასთან ინტერვიუ ჩაწერეს.

პირველი შეკითხვა დაცვას ეხებოდა…

„კარგი შეტევა დაცვით იწყება. ეს კარგად გვესმის. დაცვაზე ბევრს ვმუშაობთ და მგონია, რომ ლიგაში ტოპ-5 გუნდში ვიქნებით დაცვის მიხედვით.

გუნდში ახალი მწვრთნელია, ბევრი ახალი კალათბურთელია. ერთმანეთზე ვზრუნავთ და მეტად ინტენსიურად ვემზადებით. გვჯერა ერთმანეთის, გვჯერა მწვრთნელის. საწვრთნელი პროცესი საინტერესოდ და სასიამოვნოდ მიმდინარეობს.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, აქამდე იყო არასტაბილურობა, ახალ სეზონში მეტად სტაბილური უნდა ვიყო. საამისოდ კარგად ვარ მომზადებული. ვარჯიშებზე ვენდელ კარტერის წინააღმდეგ მიწევს თამაში. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ერთმანეთთან თამაშით ორივე პროგრესს განვიცდით. ისიც გამარჯვებულის მენტალიტეტის კალათბურთელია“.

მსგავსი