გოგა ბითაძე - ფაჩულიამ საქართველო მსოფლიოს დადებითი კუთხით გააცნო [ვიდეო] #1TVSPORT
გამოცემა „ინდისტარმა“ „ინდიანა პეისერსის“ ქართველ ცენტრ გოგა ბითაძესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ახალგაზრდა კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაზე ლაპარაკობს.
„ზაზამ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოშიც არიან კარგი კალათბურთელები. მან ბევრი რამ გააკეთა ხალხისთვის და ჩემთვის. ფაჩულია NBA-ში რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნაციონალურ ასოციაციაში ოდესმე მოვხვდებოდი. ზაზამ ამერიკაში მაღალ დონეზე ითამაშა, „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ორჯერ მოიპოვა ჩემპიონობა.
ბუნებრივია, ნებისმიერი კალათბურთელი დაფიქრდება: „ზაზამ ეს შეძლო. ის დიდებული კალათბურთელია. შესაძლოა, საუკეთესო ქართული კალათბურთის ისტორიაში“. შემდეგ საკუთარ თავსაც შეხედავ და იტყვი: „იქნებ მეც მაქვს შანსი?!“
ბითაძე 2019 წელს დრაფტის მე-18 ნომრად „ინდიანამ“ აიყვანა, ფაჩულია – 2003 წელს 42-ე ნომრად „ორლანდომ“. ზაზამ ნაციონალურ ასოციაციაში 16 წელი ითამაშა და კარიერა სწორედ იმ წელს დაასრულა, როდესაც გოგა NBA-ში შევიდა.
22 წლის ახალგაზრდამ 3 მარტს „ვაშინგტონთან“ 7-დან 7 ტყორცნა გამოიყენა და 20 ქულა მიითვალა. ეს იყო 10-მატჩიანი სერიის დასაწყისი, რომელშიც ბითაძეს 10-ზე ნაკლები ქულა არ ჩაუგდია.
იგი ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად ემზადება:
„ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გველის, შემდეგ – ევრობასკეტი 2022. ეს ჩვენთვის ისტორიული ევროპაა – ჩვენი ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. ეს დიდი მოვლენაა არა მხოლოდ კალათბურთისთვის, არამედ ზოგადად ჩემი ქვეყნისთვის“.
იგი ამჟამად ფეხს მკურნალობს და იმედი აქვს, რომ სანაკრებო მატჩებისთვის მწყობრში იქნება. ბითაძეს „ინდიანასთან“ კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი აკავშირებს. დიდია ალბათობა, რომ მომდევნო წელს ახალი, მრავალწლიანი ხელშეკრულება გაფორმდეს. გოგა ფაჩულიას რჩევებს იხსენებს:
„იგი მეუბნებოდა, რომ NBA-ში მოხვედრა ძალიან რთულია, კიდევ უფრო ძნელია იქ ადგილის შენარჩუნება. ეს სიტყვები ახლაც გონებაში მაქვს. …12-13 წლისა რომ ვიყავი, მაშინ მეუბნებოდა“.
ბითაძე იხსენებს, როგორ ვარჯიშობდა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში, ხოლო 2016 და 2017 წლებში საქართველოს ნაკრებში ზაზასთან ერთად თამაშობდა…
„როდესაც „გოლდენ სტეიტთან“ ვითამაშეთ, ნამატჩევს მე და ზაზა რესტორანში წავედით. ის უფროსი ძმასავითაა. საქართველოდან NBA-ში ძალიან ცოტა კალათბურთელს აქვს ნათამაშები. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ერთი ოჯახივით ვართ“.